უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს ვერხოვნა რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულებამდე ქვეყანაში შეუძლებელია არჩევნების ჩატარება.
ზელენსკი პარლამენტში მივიდა იმ დღეს, როცა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ზუსტად ათასი დღე გავიდა.
ზელენსკიმ ვერხოვნა რადაში წარადგინა 10 პუნქტისგან შემდგარი „სიმტკიცის გეგმა“.
ამ პუნქტებს შორისაა „ერთობა“, „ფრონტი“, „იარაღი“, „ენერგეტიკა“, „ფინანსები“, „უსაფრთხოება“, „თემები“, „ადამიანური კაპიტალი“, „კულტურული სუვერენიტეტი“ და „ვეტერანების დახმარება“.
ზელენსკის თქმით, ქვეყანაში არჩევნები მშვიდობის დამყარების შემდეგ ჩატარდება.
„უკრაინას ჯერ ესაჭიროება სამართლიანი მშვიდობა, შემდეგ კი უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ,“ თქვა ზელენსკიმ. „ყველამ ვიცით, რომ უკრაინის კონსტიტუცია და კანონი არ იძლევა საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების გამართვის უფლებას. და მსოფლიოში ეს უკრაინისგან არავის არ მოუთხოვია და ვერავინ ვერ მოსთხოვს,“ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ოქტომბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს წარუდგინა „გამარჯვების გეგმა“. ამ გეგმის მთავარი პუნქტები იყო ნატოში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება, მათ შორის - შორსმსროლელი იარაღისა, რომლითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების განადგურება.
ფორუმი