თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო პროცესი, სადაც სამი პარტია და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია: გახარია საქართველოსთვის, ძლიერი საქართველო, ენმ და საია ცესკოს შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებენ.
სხდომის მოსამართლე ბაია ოტიაშვილია.
ცესკომ შემაჯამებელი ოქმი 16 ნოემბერს გამოსცა, ხმაურიან სხდომაზე, სადაც თავმჯდომარე კალანდარიშვილს სახეში ენმ-ის წევრმა დავით კირთაძემ მელანი შეასხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სასამართლომ არც ერთხელ დააკმაყოფილა აქამდე არსებული სარჩელები როგორც საოლქო ისე საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ.
კოალიცია "ძლიერი საქართველო" აყენებს შუამდგომლობას სპეციალისტის მოწვევის შესახებ. "ჩვენი მითითებით საარჩევნო სიები შეიცავდა უზუსტობებს, სტატისტიკის მონაცემები და ცესკოს მონაცემები არის ერთმანეთთან აცდენილი, როცა ადამიანი საზღვარგარეთაა მას უნდა ჰქონდეს მინიშნება, იმყოფება საზღვარგარეთ, არ იმყოფება საქართველოში, რაც ასე არ იყო სიებში, ამისთვის გვჭირდება სპეციალისტი, რომ გავარკვიოთ, სად იყო პრობლემა", - აცხადებს ძლიერი საქართველოს იურისტი თორნიკე ართქმელიძე.
მოსარჩელის თქმით, კარუსელის დროს ადამიანები საზღვარგარეთ მყოფი პირების მონაცემებს იყენებდნენ და ეს საკითხი უნდა იყოს შესწავლილი: ცესკოს უნდა შეესწავლა ეს გარემოება და ისე გამოსცა შემაჯამებელი ოქმი, ამიტომ ვითხოვ ოქმის ბათილად ცნობას". ექსპერტი დავით პაატაშვილია, სტატისტიკის ანალიზის სპეციალისტი.
"თუ სიის ფორმირებისას დაფიქსირდა შეცდომა, საჩივარი უნდა წარმოდგენილიყო შესაბამის დროს შესაბამის ვადაში, ეს ადამიანები სიის ფორმირებაში არ მონაწილეობდნენ და მოსაზრებებს ეყრდნობიან", - თქვა ცესკოს წარმომადგენელმა გიორგი სანტურიანმა.
სამი შუამდგომლობა დააყენა მოსარჩელე მხარემ "გახარია-საქართველოსთვის" და მოითხოვა: ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისა და თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ჯავახიშვილის სასამართლოში მოწმის სტატუსით დაბარება.
ამას გარდა, პარტიის წარმომადგენელმა, იურისტმა ჯონი ტორჩინავამ მოითხოვა სასამართლოში დაათვალიერონ: ჩარჩო კონვერტი, ბიულეტენი და მარკერი, რათა დასაბუთდეს ხმის ფარულობის დარღვევა. ცესკო ფიქრობს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ენმ-ის წარმომადგენელი, ლილი ბეგიაშვილი აყენებს შუამდგომლობას და ვერიფიკაციის აპარატზე ექსპერიმენტის ჩატარებას მოითხოვს. იურისტი ამტკიცებს, რომ აპარატს შეუძლია პასპორტის ისევე გატარება, როგორც პირადობით და პირადი ნომრების ხელით შეყვანა არ არის საჭირო.
ფორუმი