დღეს, 17 ნოემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ - დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან, მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.
იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო აქციის ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.
დღევანდელ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან, რომლებიც რუსთაველის გამზირისკენ რამდენიმე ადგილიდან მსვლელობით დაიძვრებიან.
სტუდენტების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდებიან და მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ რეჟიმმა თვითნებურად მიითვისა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმი არ გამოხატავს ქართველი ხალხის რეალურ ნებასა და გადაწყვეტილებას. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი ხმები, რომლებიც მოგვპარეს და დავიცვათ ევროპული მომავალი, რომელიც წაგვართვეს“, - ვკითხულობთ სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ 12.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
ცესკოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
ფორუმი