თუ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა დროებითი მთავრობა შექმნას. ამის შესახებ წერს TASS, ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერ თემურ გულიაზე დაყრდნობით.
"თუ პრეზიდენტი საღამომდე არ გადადგება, ჩვენ, საკოორდინაციო საბჭო შევქმნით დროებით მთავრობას, ყველა საჯარო მოხელეს სამუშაოდ მოვიწვევთ, უზრუნველვყოფთ სამუშაო პირობებს და გავაკონტროლებთ საჯარო მმართველობის პროცესს“, - განაცხადა გულიამ.
ასლან ბჟანიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ე.წ. მთავრობის შენობის კომპლექსის დაცლისკენ. ოპოზიცია მის უპირობო გადადგომას ითხოვს.
აფხაზური ოპოზიცია ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარეშემო მოხსნილი ღობის განთავსებას აპირებს დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე. ამის შესახებ ადგილობრივმა ოპოზიციონერმა კან კვარჩიამ განაცხადა.
„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სასაზღვრო სამსახური გავაფრთხილეთ, თუ საშუალება აქვთ, ყველაფერი ნაზად უნდა შეგროვდეს... ჩვენ ვაპირებთ ოფიციალურად გადავცეთ“ - თქვა კვარჩიამ.
15 ნოემბერს „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილმა ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარშემო არსებული ღობე მოარღვია, ტერიტორიაზე შეაღწია და დაიკავა ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები.
დღეს 17 ნოემბერს კი ოპოზიციის მომხრეებმა დაიწყეს, დე ფაქტო მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ღობის დემონტაჟი.
ასლან ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მზადყოფნას აცხადებს, მას შემდეგ რაც დემონსტრანტები ე.წ. სამთავრობო კომპლექსს დატოვებენ, აქციის მონაწილეები კი მის უპირობო გადადგომას მოითხოვენ.
ოპოზიცია არ აპირებს შეასრულოს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მოთხოვნა ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის დაცლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერმა ადგურ არძინბამ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
„ეს მიუღებელია. ის (ასლან ბჟანია - რედ.) აქ აღარ მოვა“, - ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ წერილის დაწერა ნებისმიერ ადგილას შეუძლია.
არძინბამ ხელისუფლებას ოპოზიციის "კომპრომისული წინადადება" შესთავაზა.
„წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. მესმის, რომ მათში მონაწილეობას ასლან ბჟანია აპირებს. რომც არ მიიღოს მონაწილეობა, ალბათ, ხელისუფლების გუნდიდან ვიღაცას მოუნდება მონაწილეობა. თუ გადავწყვეტთ, რომ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი (ბადრა გუნბა) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დარჩეს, მაშინ მინისტრთა კაბინეტი მთლიანად გადადგება. დღევანდელი პრემიერის ადგილზე ჩვენგან კომპრომისული პიროვნებაა დანიშნული. ამ გზით ვაბალანსებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი არ იყოს გამოყენებული დღევანდელი გუნდის წარმომადგენლის მხარდასაჭერად“, - განაცხადა არძინბამ.
ადგურ არძინბას თქმით, დღეს ასლან ბჟანიას რამდენიმე დელეგაცია გაუგზავნეს, "დილამდე ითხოვა დრო, ამბობს, რომ გადადგება - დაე, გააკეთოს!"
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ხელმძღვანელი სერგეი შამბა) თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. უწყების ცნობით, 15 ნოემბერს აფხაზეთში გადატრიალების მცდელობა მოხდა.
„რაც მოხდა ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და უარყოფითად აისახება ურთიერთობაზე ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, რუსეთის ფედერაციასთან..."
განცხადების თანახმად, აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია "რესპუბლიკაშია და აგრძელებს ქვეყნის ხელმძღვანელობას... მიიღება ყველა საჭირო ზომა სახელმწიფოს სტაბილურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად..."
ფორუმი