აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის ყოფილი თანაშემწე და "პიატნაშკას" ბატალიონის მეთაური, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ახრა ავიძბა, სავარაუდოდ, აფხაზეთში ჩავიდა.
დღეს, დილით ავიძბამ ფეისბუკის ლაივი ჩართო, რომელზეც სოხუმისკენ მიმავალი გზა ჩანდა. ავიძბა არ ჩანდა კადრში, კადრს მიღმა ისმოდა სიმღერა "პიატნაშკა აქ მუშაობს, ძმებო!"
მოგვიანებით ავიძბამ გამოაქვეყნა მოკლე პოსტი: „აფსნი“.
ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა ტელეგრამის არხზე დაწერა: „ეს კვირადღე აშკარად ეწინააღმდეგება ასლან ბჟანიას პრეზიდენტობის კვირას. მისი მტერი, "პიატნაშკას" მეთაური ახრა ავიძბა აფხაზეთში ჩავიდა, როგორც თავად ამბობს, „ხალხთან ახლოს“ ჩავიდა.
2020 წლის იანვარში სწორედ ავიძბა ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის სასახლის შტურმს.
მესამე დღეა აფხაზურმა ოპოზიციამ ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში სამთავრობო შენობების კომპლექსი დაიკავა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა სამთავრობო შენობების ირგვლივ გაჩერებული სატვირთო მანქანები დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილიდან ავრცელებს TASS-ის კორესპონდენტი.
სატვირთოები საპროტესტო აქციის გამო განათავსეს ე.წ. სამთავრობო კომპლექსის გალავნის გასწვრივ. თუმცა სწორედ ერთ-ერთი მათგანი დახმარებით გაარღვიეს აქციის მონაწილეებმა ღობეები.
როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან მიქაამ განუცხადა, მათ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეს განუცხადეს, რომ ტექნიკა უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და იქ იდგეს, სადაც მისი ადგილია.
„ჩვენ მათ ვუთხარით, რომ სამომავლოდ არ დავუშვებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ეს აღჭურვილობა შიდა საქმეებისთვის ვიღაცის ან რაღაცის დასაცავად გამოიყენოს“.
წაიკითხე აქ: სამხედრო ტექნიკა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესთან“ კომენტარი გააკეთა სოხუმში შექმნილ ვითარებაზე.
„არაფერი გამოუსწორებელი ჯერ არ მომხდარა. ჩვენ უნდა გავჩერდეთ, დავისვენოთ და კარგად დავფიქრდეთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ნათელია. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა ბჟანიამ.
გამოსავლის გზად კი დე ფაქტო პრეზიდენტი ასახელებს აქციის მონაწილეების მიერ ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის დატოვებას, რის შემდეგაც, მისი სიტყვებით, ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. პარლამენტი შესაბამის ნორმატიულ აქტებს მიიღებენ.
„დაინიშნება არჩევნები“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ და დასძინა, რომ ის მზად არის გადადგეს და არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში მივიდეს.
წაიკითხე აქ: „გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა, მაგრამ შეიძლება სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ"
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ადგურ არძინბამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელშიც მან კატეგორიულად დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებიც, მისი თქმით, „ეწინააღმდეგებიან რუსული კანონმდებლობის მიღების მცდელობებს“.
„მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც თავის შეფასებებში ეროვნული მითოლოგიით ხელმძღვანელობს და არა რეალობითა და საღი აზრით. რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს. განვითარების მიმართულებებსა და ეროვნული ინტერესებს“, - ამბობს ადგურ არძინბა და დასძენს, რომ აფხაზეთის ხალხი ერთიანია უმთავრესში, მათი კონსტიტუციის ძირითად დებულებებში, რომლის მიხედვითაც „აფხაზეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით“.
წაიკითხე აქ: ადგურ არძინბა გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას
ფორუმი