Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების მომზადებას
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების მომზადებას

რუსეთთან ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა პროტესტი სოხუმში

სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მზადაა გადადგეს, თუმცა პირობას აყენებს. საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები დე ფაქტო პრეზიდენტის წინადადებას არ იღებენ, შენობებიდან გასვლას არ აპირებენ, მას უპირობო გადადგომისკენ მოუწოდებენ.

18:12 16.11.2024

აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ინალ არძინბა.

მისი თქმით, აფხაზეთში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„აფხაზეთის რესპუბლიკა არის ლეგალური მრავალეროვნული დემოკრატიული სახელმწიფო. კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, მისი შენარჩუნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერების გარანტია. ჩვენი რუსი მოკავშირეები თანაუგრძნობენ აფხაზეთის მოვლენებს. არაკონსტიტუციური ქმედებები არღვევს სახელმწიფოთაშორის დიალოგს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. კატეგორიულად გირჩევთ, არ გასცდეთ საკანონმდებლო ჩარჩოს. საპრეზიდენტო არჩევნები აჩვენებს, თუ ვის მიანდობს ხალხი ქვეყნის მართვას“, - განუცხადა არძინბამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს.

21:31 16.11.2024

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ასლან ბჟანიასთან სატელეფონო საუბრისას შეშფოთება გამოხატა აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო.

როგორც გაგლოევის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ასლან გეორგიევიჩ, იმედი მაქვს, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და დადებითად გადაწყდება კანონის ფარგლებში და აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მან.

ასლან ბჟანიამ ალან გაგლოევს მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა, ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ბჟანიას პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების, ანექსირებული ყირიმის ლიდერებმა, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის სხვა შემადგენელი ერთეულების ხელმძღვანელებმა ბჟანიასთან სატელეფონო საუბარში მას მხარდაჭერა გამოუცხადეს: "მათ 15 ნოემბრის მოვლენებს გადატრიალების მცდელობა უწოდეს და აფხაზ ხალხს მშვიდობა და სიკეთე უსურვეს".

21:36 16.11.2024

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა კომენტარი გააკეთა თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც მომიტინგეებმა დაიკავეს სამთავრობო შენობების კომპლექსი და მოითხოვეს პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომა.

„მთლიანად გუშინ და დღესაც ჩემი ფიქრები აფხაზეთში იყო. რაც იქ ხდება, ჩემთვის სულერთი ვერ იქნება. სირცხვილია, როდესაც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების რატიფიცირების საბაბით გადატრიალების მცდელობა ხდება. შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს შეთანხმება... - მასში არაფერია ისეთი, რაც არ არის ნაკარნახევი აფხაზეთისთვის ინვესტიციების მოზიდვაში დახმარების სურვილით. მინიმუმ სამუშაო ადგილების შექმნა რესპუბლიკის იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან ეძებონ სამუშაო მეზობელ რუსეთში. თუ ისტორიულად მოკლე პერიოდში, ერთი თაობის თვალწინ, ბრბო მესამედ დაამხობს ხელისუფლებას, შეიძლება ასეთი სახელმწიფო შემდგარად ჩაითვალოს? ორშაბათს დაველოდებით. მაგრამ ღამეები უძილო იქნება“.

ზატულინი მიმდინარე პროცესებზე აქტიურად აკეთებს კომენტარებს რუსულ მედიაში. მანამდე ის მწვავედ აკრიტიკებდა აფხაზურ ოპოზიციას, სოხუმში ვიზიტის დროს კი მათთან შეხვედრა გამართა.

22:16 16.11.2024

ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაა. მიზეზი საინვესტიციო ხელშეკრულებაა, რომელმაც რუსულ ბანკებსა და კორპორაციებს აფხაზეთში პრივილეგიები უნდა მისცეს.

მაგრამ ზოგი ამტკიცებს, რომ აფხაზები ქუჩაში ქართული გავლენის გაძლიერების შიშმა გამოიყვანა და ეს შიში რეალურია.

“ჩვენ ვართ გაუმაძღარი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთშიც და რუსეთშიც ბლომად არიან” - ამბობს აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ასლან ბარციცი ვიდეოში, რომელიც რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.

ვიდეო 15 ნოემბერს სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შენობასთანაა გადაღებული, სადაც რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა.

ვრცლად აქ: "დიდი ვაჭრობა ბიძინა ივანიშვილთან" - აფხაზების სიჯიუტემ მოსკოვი გააღიზიანა

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG