Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების მომზადებას
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების მომზადებას

რუსეთთან ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა პროტესტი სოხუმში

სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მზადაა გადადგეს, თუმცა პირობას აყენებს. საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები დე ფაქტო პრეზიდენტის წინადადებას არ იღებენ, შენობებიდან გასვლას არ აპირებენ, მას უპირობო გადადგომისკენ მოუწოდებენ.

10:10 16.11.2024

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება გაურკვეველია.

უცნობია, სად იმყოფება ამჟამად ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც ღამით მხარდამჭერებს მიმართა, რომ გადადგომას არ გეგმავს და ყველას საკადრის პასუხს გასცემს. შემდეგ, გამოქვეყნდა მეორე ვიდეოც, რომელიც ასახავს ბჟანიას ჩასვლას თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში. მისმა პრესსამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, "პრეზიდენტმა" რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი.

ასლან ბჟანია ღამით სოფელ ტამიშში ჩავიდა
ასლან ბჟანია ღამით სოფელ ტამიშში ჩავიდა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ბჟანია მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, თითქოს მომიტინგეები რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზურ ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლასა და ესკალაციის პროვოცირებაში დასდო ბრალი.

ოპოზიცია მოელის, რომ „გაქცეული“ ბჟანია დღეს ისევ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, თუმცა ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ის პოსტზე აღარ უნდა დარჩეს.

წაიკითხე აქ: ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

11:59 16.11.2024

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ხალხს ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

„ასლან ბჟანია მიმართავს სასოწარკვეთილ მცდელობებს, შეინარჩუნოს ხელისუფლების სურათი და ეჭიდება ფორმალობებს. მისი მმართველობის დრო უკვე დასრულდა. აფხაზეთში დღეს მიმდინარე მოვლენები საზოგადოების კანონზომიერი პასუხია ასლან ბჟანიას მიერ გატარებულ ანტისახალხო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მხოლოდ მისი ნათესავებისა და მასთან დაახლოებული ვიწრო წრის გამდიდრებისკენ. ჩვენი ამოცანაა ბჟანიას გადადგომა და ქვეყანაში ვითარების სტაბილიზება“, - წერია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ავრცელებენ. მიტინგი 14:00 საათისთვის დაიგეგმა.

ამ დრომდე გაურკვეველია, სად არის და რას აპირებს ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რომელმაც ღამით მხარდამჭერებს მიმართა, რომ გადადგომას არ გეგმავს და ყველას საკადრის პასუხს გასცემს.

ვრცლად აქ: ოკუპირებულ აფხაზეთში ბჟანიას წინააღმდეგ ხალხს შეკრებისკენ მოუწოდებენ

15:57 16.11.2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მზადაა გადადგეს, თუმცა ამისთვის ის პირობას აყენებს. ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები ბჟანიას წინადადებას არ იღებენ, დაკავებული შენობებიდან გასვლას არ აპირებენ და მას უპირობო გადადგომისკენ მოუწოდებენ. სოხუმში ამ წუთებში ოპოზიციის მომხრეები იკრიბებიან.

მშობლიურ სოფელ ტამიშში მყოფი ბჟანია ძალაუფლების დათმობის შესახებ თავის მომხრეებს ესაუბრა.

„აფხაზეთის კანონიერი პრეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება... მათ, ვინც დაიკავა [სამთავრობო შენობები], მათ, ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალება, უნდა გაათავისუფლონ შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მე მზად ვარ, დავნიშნო არჩევნები, გადავდგე და მივიღო მონაწილეობა არჩევნებში. ქვეყანას [ამის შემდეგ] ვიცე-პრეზიდენტი მართავს“, - უთხრა მან მომხრეებს.

სრულად აქ: ასლან ბჟანია მზადაა გადადგეს

17:39 16.11.2024

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მინისტრთა კაბინეტის სხდომა გამართა, რომელზეც პრესსამსახურის ცნობით, „განიხილეს 15 ნოემბრის მოვლენებით გამოწვეული სიტუაციის სტაბილიზაციის გზები“.

არაერთი ტელეგრამ-არხის ცნობით, შეხვედრა სოხუმიდან 40 კილომეტრში მდებარე სოფელ ტამიშის სკოლაში შედგა.

მანამდე ბჟანიამ იქ მხარდამჭერებს მიმართა. შეხვედრაზე ბჟანიამ განაცხადა, რომ „მთელ ქვეყანას კანონიერი ხელისუფლება აკონტროლებს, გარდა იმ შენობებისა, რომლებიც მათ (ოპოზიციამ - რედ.) დაიკავეს“.

„სიტუაცია დასტაბილურდება, ყველაფერს კანონიერ განვითარებას დავუბრუნებთ“, - განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა. „მიუხედავად გადატრიალების მცდელობისა, მე და თქვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ გადავდივართ მომსახურების გაძლიერებულ რეჟიმზე. დაემორჩილეთ პრეზიდენტის მითითებებსა და ბრძანებებს“, - დასძინა მან. მან ასევე მოისმინა მოხსენებები დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG