Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების მომზადებას
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების მომზადებას

რუსეთთან ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა პროტესტი სოხუმში

სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მზადაა გადადგეს, თუმცა პირობას აყენებს. საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები დე ფაქტო პრეზიდენტის წინადადებას არ იღებენ, შენობებიდან გასვლას არ აპირებენ, მას უპირობო გადადგომისკენ მოუწოდებენ.

08:12 19.11.2024

ბჟანია ტოვებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომას დასთანხმდა. მისი პრესსამსახურის მიერ დღეს, 19 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ გადადგომა გადაწყვიტა „ქვეყანაში სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით“.

23:23 18.11.2024

18 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში მდებარე თითქმის ყველა სამთავრობო შენობა დაიკავეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია კვლავინდებურად სოფელ ტამიშში იმყოფება და იქიდან ცდილობს პროცესების მართვას.

სოხუმში შედარებით მშვიდი უქმეების შემდეგ, ორშაბათს, 18 ნოემბერს, არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: სოხუმში მოლაპარაკებები დაიწყო, ბჟანია ტამიშში რჩება

20:18 18.11.2024

დაიწყო მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მოლაპარაკებები ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას გუნდს წარმოადგენენ ვიცე პრეზიდენტი ბადრა გუნბა, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ხეცია და საზოგადო აქტივისტი, დავით ფილია. ოპოზიციიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ადგურ არძინბა, კან კვარჩია და ლევან მიქაა.

ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან და მოლაპარაკების შედეგებს ელოდებიან.

19:14 18.11.2024

აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ასლან ბჟანიას გადასცა სოხუმში "რუსეთის ელჩმა" მიხეილ შურგალინმა.

„ძვირფასო ასლან გიორგის ძევ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა დამავალა, გადმოგცეთ მოწვევის ტექსტი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ იმ ღონისძიებებზე დასასწრებად, რომლებიც გაიმართება 2025 წლის 9 მაისს. ორიგინალურ მოწვევას მოგვიანებით გადმოგცემთ, მას შემდეგ, რაც მას მოსკოვიდან მივიღებთ“, - ნათქვამია ასლან ბჟანიას ე.წ. პრესცენტრის მიერ გავრცელებულ წერილში.

დოკუმენტში მითითებულია თარიღი: 2024 წლის 18 ნოემბერი. შესაბამისად, წერილი შესაძლოა მიუთითებდეს ასლან ბჟანიას მხარდაჭერაზე როგორც ოპოზიციასთან დაპირისპირებაში, ასევე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2025 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, თუმცა ასლან ბჟანიას გადადგომის შემთხვევაში არჩევნები შესაძლოა უფრო ადრეც ჩატარდეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG