Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების მომზადებას
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების მომზადებას

რუსეთთან ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა პროტესტი სოხუმში

სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მზადაა გადადგეს, თუმცა პირობას აყენებს. საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები დე ფაქტო პრეზიდენტის წინადადებას არ იღებენ, შენობებიდან გასვლას არ აპირებენ, მას უპირობო გადადგომისკენ მოუწოდებენ.

22:16 15.11.2024

მიტინგი არ იშლება, ბჟანიას გადადგომის მოლოდინში - "მისთვის სოჭიდან ორი ვერტმფრენი ჩაფრინდა"

სოხუმში საპროტესტო აქცია გრძელდება, ათასობით მომიტინგე ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ელოდება. იტყობინებიან, რომ ხალხი სოხუმში აფხაზეთის რაიონებიდანაც ჩავიდა და მიზნის მიღწევამდე დაშლას არ გეგმავენ.

15 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, მომიტინგეები ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. ტელეგრამარხ RESPUBLICA-ს ინფორმაციით, ასლან ბჟანია შენობიდან იმ დროს გაიყვანეს, როცა მისი პირადი დაცვის უფროსი ხალხთან დასალაპარაკებლად გავიდა. ფიქრობენ, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი სვლა იყო, რაღა „პრეზიდენტი“ მიწისქვეშა გასასვლელითა და შემდეგ ავტომანქანით, ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაეყვანათ.

RESPUBLICA-ს ბოლო ცნობებით, ბჟანიამ სადავო კანონის პარლამენტიდან გაწვევის, ხოლო თავად პარლამენტის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, მოსკოვისა და სტამბოლის წარმომადგენელ გარკვეულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ.

მოელიან, რომ ასლან ბჟანია გააკეთებს განცხადებას ან გადადგომის, ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

21:25 15.11.2024

ოკუპირებულ აფხაზეთში "პრეზიდენტის" გადადგომის საკითხს განიხილავენ, ოპოზიციის ჩართულობით

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები მართავენ შეხვედრას ოპოზიციასთან - თუ ვინ იქნება ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ასლან ბჟანიას შესაძლო გადადგომის შემდეგ. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კან კვარჩია აცხადებს.

ე.წ. ხელისუფლება ოპოზიციას ამ ფუნქციის შემსრულებლად სთავაზობს „ვიცე-პრეზიდენტ“ ბადრა გუნბას, ხოლო "პრემიერ-მინისტრის" პოსტზე ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნას.

"ეხო კავკაზას" ცნობით, ოპოზიციას თავისი წინადადება აქვს და ორ ვარიანტს განიხილავს:

  • ან "პრეზიდენტი", "ვიცე-პრეზიდენტი" და "პრემიერი" გადადგებიან და "პრეზიდენტის" ფუნქციებს, ახალ "არჩევნებამდე" - "პარლამენტის თავმჯდომარე" - ლაშა აშუბა შეასრულებს;
  • ან "პრეზიდენტი", "ვიცე-პრეზიდენტი" და "პრემიერი" გადადგებიან და გადადგომის წინ, ასლან ბჟანია "პრემიერად" დანიშნავს "კომპრომისულ ფიგურას" და ის შეასრულებს "პრეზიდენტის" მოვალეობასაც.
20:05 15.11.2024

ანექსიის მცდელობას ამას ვერ დავარქმევდი - პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს - მასობრივ დემონსტრაციებს სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ და შექმნილ დაძაბულობას.

„ანექსიის მცდელობას მე ვერ დავარქმევდი“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 15 ნოემბერს.

„რა თქმა უნდა, ზოგადად, ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ ეს რისკები არის, როდესაც ვხედავდით ანექსიის პოლიტიკაზე გადასვლას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით. მაგრამ სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არ ვიცი [ანექსიის მცდელობაზე] რატომ ვსაუბრობთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე არეულობა „უპირველეს ყოვლისა, არის შედეგი იმისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა“:

„ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობა შეუძლებელია“, - თქვა მან.

პაპუაშვილი პირველია საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა შორის, რომელიც ამ საკითხს ეხმაურება.

„ამიტომაც არის, რომ ვამბობთ ჩვენც, რომ ჩვენს საერთო ინტერესშია, ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეების ინტერესშია, ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა, მათ შორის აფხაზეთი და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობა სწორედ ასე განვითარდება“, - აცხადებს იგი.

19:29 15.11.2024

განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ურჩევს რუსეთის მოქალაქეებს - თავი შეიკავონ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლისგან, თუნდაც - ტურისტული მიზნებით.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ოპოზიცია სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდა, არ ერევა აფხაზეთის შიდა საქმეებში და იმედოვნებს, რომ პრობლემა მშვიდობიანად გადაიჭრება.

ვრცლად რუსეთის ოფიციალური უწყების გამოხმაურების შესახებ წაიკითხეთ აქ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG