Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველა შეტყობინება დარღვევების თაობაზე დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული უნდა იქნეს" - მაკალისტერი


13 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა საქართველოს შესახებ დებატები, სადაც დევიდ მაკალისტერმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა.
13 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა საქართველოს შესახებ დებატები, სადაც დევიდ მაკალისტერმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა.

ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნებზე შესაძლო დარღვევების შესახებ გაჟღერებული ბრალდებები გამოძიებულ უნდა იქნეს. ამის შესახებ მან 13 ნოემბერს, ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე, დებატებისას განაცხადა. 

მაკალისტერმა აღნიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გასულ წელს საჭირო რეფორმების გატარების პირობით გადაწყვიტა. მაკალისტერის შეფასებით, ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება და უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს მთავრობისთვის, თუმცა როგორც მან თქვა, ბოლოდროინდელი მოვლენები შეშფოთებას იწვევს მთავრობის განზრახვების თაობაზე:

„სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ქვეყნის მიმართულების შესახებ და მთავრობის განზრახვებზე თბილისში. წინასაარჩევნო დაძაბული და პოლარიზებული გარემო, დარღვევების შესახებ ანგარიშები, მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გავრცელებული მზარდად ავტორიტარული დღის წესრიგი.

ქართველებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ მათ დემოკრატიული საქართველოს სურთ ევროპული პერსპექტივით. ქართველებს არ სურთ იყვნენ ბატონი პუტინის ორბიტის ნაწილი. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა შეტყობინება დარღვევების თაობაზე დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული უნდა იქნას. ეს ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს”, - განაცხადა მაკალისტერმა.

13 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

“საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” - ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა. იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად.

იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ.

დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება, დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG