Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გააყალბეს სახელოვნად" - ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა


ბათუმში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა. 12 ნოემბერი, 2024 წელი
ბათუმში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა. 12 ნოემბერი, 2024 წელი

"გააყალბეს სახელოვნად" - ამ ლოზუნგით ბათუმში, ვარდების სკვერთან, საარჩევნო ოლქის შენობასთან, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციის აქცია გაიმართა. 

აქცია ორი ოპოზიციური კოალიციის, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა.

დემონსტრანტებს ეჭირათ ბანერები წარწერით: "ცესკო+ცრუსკო", "დამიბრუნე ჩემი ხმა", "გადაგაყოლებთ წერტილებს".

მოგვიანებით, 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი გზად შეჩერდნენ აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც პოლიციამ გზა გადაუკეტა. ამის შემდეგ ისინი უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მომდევნო საპროტესტო აქცია უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად გაიმართება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG