Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი: საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი


ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში
ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ "კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება".

გამოცემასთან ინტერვიუში ბორელი ამბობს, რომ ვერავითარ მსგავსებას ვერ ხედავს საქართველოსა და უკრაინას შორის. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწაფვიან და არ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა ნამდვილად სურს.

საქართველოსთან მიმართებით იმავეს ვერ იტყვი - ამბობს ბორელი.

„ჩვენ ვაფრთხილებდით საქართველოს მმართველებს და მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროკავშირის გზას. თუ მათ ევროკავშირში სურთ, უნდა შეცვალონ მიღებული კანონები, გამოასწორონ არჩევნებზე გამოჩენილი პრობლემები,“ - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირი უკვე არაერთი თვეა, მკაცრად აკრიტიკებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ევროპული კურსი უცვლელია, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა ყოველწლიური გაფართოების ანგარიში, რომლის თანახმადაც, ევროკომისია არ აპირებს, გასცეს საქართველოს ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის მიერ გაკეთებული განცხადებით, საჭიროა საპარლამენტო არჩევნების დარღვევების "გამჭვირვალედ" გამოძიება და ე.წ. აგენტების კანონის, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, რათა საქართველო კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს, გაყალბებაზე საუბრობს და საპროტესტო აქციებს მართავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG