გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი 13 ნოემბერს ეწვევა ირანს და მომდევნო დღეს დაიწყებს კონსულტაციებს ირანის ოფიციალურ პირებთან, - იტყობინება სახელმწიფო მედია 10 ნოემბერს.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შესაძლოა უახლოეს დღეებში გაემგზავროს ირანში - მისი სადავო ბირთვული პროგრამის განსახილველად. მანვე თქვა, რომ მოელის თანამშრომლობას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
მოუგვარებელი პრობლემები ირანს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის ეხება იმას, რომ თეირანი ქვეყანაში არ უშვებს ურანის გამდიდრების ზოგიერთ ექსპერტს IAEA-ს საინსპექციო ჯგუფებიდან და აგრეთვე იმას, რომ წლების განმავლობაში ვერ ხსნის ურანის კვალს არადეკლარირებულ ობიექტებზე.
ირანმა ბირთვული აქტივობა 2019 წლიდან განაახლა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცალმხრივად დატოვა 2015 წლის შეთანხმება ირანსა და მსოფლიო სახელმწიფოებს შორის - შეთანხმება გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ირანისთვის დაწესებული სანქციების შერბილებას.
ფორუმი