Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სპეცსამსახურები ტრამპის მკვლელობას ამზადებდნენ - აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას ამზადებდა. იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეზე დააკავეს 49 წლის კარლაის "პოპ" რივერა და 36 წლის ჯონათან ლოადჰოლტი.

კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, 51 წლის ფარჰად შაკერი, შეერთებული შტატების გარეთ, სავარაუდოდ, ირანში იმყოფება. ამერიკის ხელისუფლება მას უწოდებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) აგენტს. სავარაუდოდ, ის ხელმძღვანელობდა თანამზრახველთა ქსელს, რომელიც რამდენიმე, მათ შორის დონალდ ტრამპის, მკვლელობას ამზადებდა.

ამტკიცებენ, რომ ირანის სადაზვერვო სააგენტოებმა შაკერს ნიუ-იორკში ებრაული წარმოშობის ორი ამერიკელი მოქალაქისთვის თვალყურის დევნება და მათი მკვლელობის მომზადება დაავალეს. მასვე უნდა ედევნებინა ასევე თვალი ისრაელელი ტურისტებისთვის შრი-ლანკაზე.

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მას, სავარაუდოდ, ტრამპის მკვლელობის გეგმის შემუშავება დაევალა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება, რომ ფარჰად შაკერი წარმოშობით ირანელია, მაგრამ ბავშვობიდან ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. მან ყაჩაღობის ბრალდებით 14-წლიანი სასჯელი მოიხადა, რის შემდეგაც 2008 წელს ქვეყნიდან გააძევეს. ამერიკის ხელისუფლების განცხადებით, ის რივერასა და ლოადჰოლტს ციხეში შეხვდა, სადაც სამივე ირანულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირა.

  • აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყანაში პოლიტიკური მკვლელობების ჩადენის მცდელობაში, ბრალი წაუყენა პაკისტანის მოქალაქეს, რომელიც, სავარაუდოდ, ირანს უკავშირდება. FBI-ს გამომძიებლები თვლიან, რომ მისი სამიზნეები შეიძლება ყოფილიყვნენ დონალდ ტრამპი და სხვა ამჟამინდელი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები.
  • შეერთებული შტატების ყოფილ და აწ უკვე არჩეულ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, 13 ივლისს ესროლეს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. ტყვიამ ტრამპს ყურის ზედა ნაწილი დაუზიანა. სროლისას დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე და ორი დაიჭრა. თავდამსხმელი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG