ჟურნალისტებმა დაადგინეს 77 143 რუსი ჯარისკაცის სახელი, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ დაიღუპნენ. დანაკარგის აღრიცხვას „მედიაზონა“ და „ბიბისის“ რუსული სამსახური მოხალისეთა გუნდთან ერთად აწარმოებენ.
დაღუპულთა შორის რაოდენობით ყველაზე მეტი, 15 741 მოხალისეა, მეორე ადგილზე არიან ყოფილი პატიმრები - 14 204 ადამიანი, შემდეგ კი მობილიზებული მოქალაქეები - 9 465 ადამიანი. 8 ნოემბრისთვის ჟურნალისტებმა დაადასტურეს რუსეთის არმიისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი 4300 ოფიცრის სიკვდილი
გამომძიებელი ჟურნალისტები ასევე თვლიან, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები „აშკარად გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს ღია წყაროებიდან შეიძლება დადგინდეს“. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ანალიზი მოიცავს რეალური სიკვდილიანობის მხოლოდ 45-65%-ს. ხოლო რუსეთის არმიის რეალური დანაკარგები უკრაინის ფრონტზე, სავარაუდოდ, 107,864-დან 155,804 ადამიანამდე უნდა მერყეობდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებს და ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ რიცხვებზე კომენტარს არ აკეთებს. საკუთარ დანაკარგებს არც უკრაინა ამჟღავნებს.
- სექტემბის შუა რიცხვებში The Wall Street Journal-მა გაავრცელა შეფასება, რომლის თანახმად, რუსეთისა და უკრაინის სამხედროების ჯამური დანაკარგები 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიძლება მილიონს აჭარბებდეს. გამოცემა ეფუძნება არაოფიციალურ გათვლებს, მათ შორის - დასავლურ დაზვერვას.
- WSJ-ის შეფასებით, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა 80 ათასს აღწევს, რუსებისა დაახლოებით 200 ათასამდეა
ფორუმი