Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, არასამთავრობოების საჩივრები კი არ დააკმაყოფილა


სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც არჩევნების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც არჩევნების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არჩევნების საკითხებზე გაერთიანებული 20-ზე მეტი საჩივრიდან მხოლოდ ერთი, ცესკოს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლო საქმეს 21 საათის განმავლობაში განიხილავდა.

  • საარჩევნო კომისია მოითხოვდა, გაუქმებულიყო საიას საქმეზე თეთრიწყაროს სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი (კოალიცია „ჩემი ხმა“) მოითხოვდა უბნების ნაწილში ბიულეტენების ხელახლა გადათვლას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი - ყველა ელექტრონული უბნის შედეგების გაბათილებას, რადგან, ორგანიზაციის შეფასებით, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.

„ამ საქმემ სრულად გამოამჟღავნა სასამართლო სისტემის მანკიერებები. 2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს. სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული, ამომრჩევლის ბრალია. ასეთ სასამართლოს ვერ ექნება საზოგადოების ნდობა", - განაცხადა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.

სააპელაციო სასამართლოს კოლეგია გოჩა დიდავასა და დიმიტრი გვრიტიშვილის მონაწილეობითა და დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით 6 ნოემბერს დაწყებულ სხდომაზე საქმეს 21 საათის განმავლობაში განიხილავდა. მათ გაიმეორეს თეთრიწყაროს სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტი, თუმცა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუასგან განსხვავებით, ვერ დაადგინეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.

სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომები საარჩევნო სარჩელებთან დაკავშირებით 5 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ოპოზიციური პარტიების მიერ სასამართლოსთან 5 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის ფონზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა სხდომა ერთმანეთის მიყოლებით გადაიდო. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გუშინ, 14 საათზე დაიწყო კიდევ ერთი სხდომა, რომელზეც განიხილებოდა საიას სააპელაციო საჩივრები აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. არც ამ კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ხმის ფარულობის შესახებ დაწერილი საჩივრები.

6 ნოემბრის სასამართლო პროცესზე, ისევე როგორც 5 ნოემბრის სხდომაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა და გამოთქვა ეჭვი, რომ იგი შესაძლოა არ ყოფილიყო მიუკერძოებელი. მისივე თქმით, შოთა სირაძე იყო ხობის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ამასთან არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მამა.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG