6 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლეთა კოლეგიამ იმსჯელა 30 სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის, კოალიცია „შენი ხმის“, და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) გაერთიანებულ საჩივრებზე. საჩივრები მოიცავს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამეგრელოსა და გურიის ოლქების საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებს.
"საიას" იურისტ თამარ ფაჩულიას თქმით, მათ ჰქონდათ შუამდგომლობები, მათ შორის მტკიცებულებების წარდგენის და დოკუმენტების დართვის შესახებ, რომლებიდანაც სასამართლომ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო.
6 ნოემბრის სასამართლო პროცესზე, ისევე როგორც 5 ნოემბრის სხდომაზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა და გამოთქვა ეჭვი, რომ იგი შესაძლოა არ იყოს მიუკერძოებელი. მისივე თქმით, შოთა სირაძე იყო ხობის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ამასთან არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მამა.
ამ საკითხზე მოსამართლეთა კოლეგიის სხვა წევრებმა იმსჯელეს და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, რადგან ეს გარემოებები აცილების საფუძვლად არასაკმარისად მიიჩნიეს. თავად მოსამართლე შოთა სირაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ „უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აცილებაზე შუამდგომლობა". მან თქვა, რომ მითითებული გარემოებები ვერ გახდებოდა მოსამართლის აცილების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო თუ ასეთი წარმოიშობოდა, თავად განაცხადებდა აცილებაზე.
გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ასევე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობები, რომლებიც ეხებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მესამე მხარედ ჩართვას სასამართლო განხილვისას, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების არჩევას, ბიულეტენების გახსნას და ფარულობის პრინციპის დარღვევის დადგენას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის, ლელა მოწონელიძის თქმით, ადგილზე ექსპერიმენტის ჩატარებისთვის ორივე პროცესზე ითხოვეს ბიულეტენის, ჩარჩო კონვერტისა და მარკერის მიტანა.
6 ნოემბრის სასამართლო პროცესზე საიას შუამდგომლობა ეხებოდა 15 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ამოღებას და ფარულობის დარღვევის დასადგენად, სატესტოდ რამდენიმეს დათვალიერებას. ამის შემდეგ მოსამართლე შოთა სირაძემ მოპასუხე მხარეებს ჰკითხა, შეიმჩნეოდა თუ არა ბიულეტენების გადათვლისას მარკერის კვალი ფურცლის მეორე მხარეს, რაც ვერ უარყვეს მოპასუხე მხარეებმა - ბათუმის, ხელვაჩაურის, ონისა და სხვა საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა. ამის მიუხედავად, მათ განაცხადეს, რომ კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობა არ დარღვეულა.
მოსამართლემ არასამთავრობო ორგანიზაციების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ გარემოება არ არის უარყოფილი საქალაქო სასამართლოებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ, თუმცა ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევაზე არ ეთანხმებიან საარჩევნო ადმინისტრაცია და საქალაქო და რაიონული სასამართლოები, რაც არაერთხელ განმარტეს.
სააპელაციო სასამართლომ არ ცნო დასაშვებად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეოს საქმეზე დართვის შუამდგომლობა და განმარტა, რომ სხვა სასამართლოს მიერ მოპოვებული ვიდეო ვერ გახდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი. ერთადერთი შუამდგომლობა, რომელიც დასაშვებად ცნო კოლეგიამ, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაა, რომელიც ზემდგომ ინსტანციაშია გასაჩივრებული და კანონიერ ძალაში არ არის შესული.
6 ნოემბერს აჭარის, გურიისა და რაჭის საოლქო კომისიების ხელმძღვანელებმა, რომლებიც პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენდნენ, ერთადერთი შუამდგომლობა დააყენეს და ეს იყო ცესკოს მიერ 5 ნოემბერს გამოქვეყნებული, კენჭისყრის პროცედურის ამსახველი სადემონსტრაციო ვიდეო. როგორც თავად განმარტეს, „ვიდეო აჩვენებს, რომ ჩარჩო კონვერტის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, ხმის ფარულობა დაცულია“. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დაუშვა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები დასავლეთ საქართველოს 20-ზე მეტი საარჩევნო ოლქის იმ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.
ისინი ასევე ითხოვდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ითხოვდა ქუთაისის ოლქის - 17, ზუგდიდის ოლქის - 4, ბათუმის - 33, ხობის - 1 და სენაკის 3 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გაბათილებას.
საპარლამენტო არჩევნებზე სააპელაციო სარჩელების განხილვა 6 ნოემბრის 15 საათიდან დაიწყო თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც. მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.
ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ წალკის საოლქო კომისიასთან მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ "იყო უმძიმესი დარღვევები", როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე:
"სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი".
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,035%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%;
„ძლიერი საქართველო“ - 8,81%;
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელიც, მათი განცხადებით, საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს.
არჩევნების მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გამოაქვეყნეს წინასწარი დასკვნები, რომლებშიც მიუთითებდნენ არჩევნების პროცესში ზეწოლის, დაშინებისა და სავარაუდო გაყალბების შემთხვევებზე.
ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, განცხადებები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დარღვევების გამოძიების აუცილებლობაზე.
მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება.
არჩევნების დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათ შორის, ორი ადამიანი დაკავებულია საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით.
ფორუმი