Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დრონებით პირველად განხორციელდა იერიში დაღესტნის ტერიტორიაზე


საილუსტრაციო ფოტო. დაღესტანში მაჰაჩყალის აეროპორტმა მუშაობა გაურკვეველი დროით შეაჩერა.
საილუსტრაციო ფოტო. დაღესტანში მაჰაჩყალის აეროპორტმა მუშაობა გაურკვეველი დროით შეაჩერა.

დაღესტანში მაჰაჩყალის აეროპორტმა მუშაობა გაურკვეველი დროით შეაჩერა დრონებით განხორციელებული იერიშის გამო - ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებს აცნობა აეროპორტის დირექტორმა საიდ რამაზანოვმა.

მანამდე დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელი სერგეი მელიკოვი ტელეგრამით წერდა, რომ ქალაქ კასპიისკის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ნგრევის და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შეტევაა დრონებით დაღესტნის ტერიტორიაზე.

ქალაქის თავზე მფრინავი დრონები თვითმხილველებმა გადაიღეს. გამოცემა Astra აქვეყნებს, სულ მცირე, ორი დრონის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. ერთი მათგანი მშენებლობის თავზე ჩამოაგდეს, მეორე ნავსადგომთან ჩამოვარდა.

Baza წერს, რომ დრონებით განხორციელებული შეტევის გამო მაჰაჩყალის აეროპორტში სამი რეისის გაფრენა შეაჩერეს.

კასპიისკში განლაგებულია რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა. ქალაქი კასპიის ზღვის ნაპირზე მდებარეობს, მაჰაჩყალიდან 20-მდე კილომეტრის მოშორებით.

კასპიისკიდან უკრაინის მიერ კონტროლირებულ უახლოეს ტერიტორიამდე მანძილი ათას კილომეტრზე მეტია. ვარაუდობენ, რომ დაღესტანზე იერიში შესაძლო განხორციელდა А-22 ტიპის დრონით, როგორიც მაისში ჩამოაგდეს თათრეთის თავზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება უკრაინის ორი დრონის ჩამოგდებაზე კურსკის და ორლოვსკის ოლქების თავზე. დაღესტანზე ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG