რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო ქალაქ გუდერმესში მდებარე „სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე.
კადიროვის მიერ ტელეგრამ-არხით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ცარიელი შენობის სახურავს“ გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც უკვე ჩააქრეს და არავინ დაშავებულა.
დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია.
კადიროვი არ აკონკრეტებს, ვინ განახორციელა შეტევა და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულთან კავშირის მქონე პირების დასადგენად.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, გუდერმესში მდებარე „რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტი“ 95 შენობისგან შემდგარი კომპლექსია, სადაც მიმდინარეობს საცეცხლე, ტაქტიკური, საჰაერო-სადესანტო და სხვა სახის მომზადება. სააგენტოს თანახმად, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ ამ ბაზაზე მოამზადეს 19 ათასზე მეტი მოხალისე. რუსეთის ხელისუფლება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს.
ფორუმი