Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა.

02:30 7.11.2024

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ.

6 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლეთა კოლეგიამ 30 სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის, კოალიცია „შენი ხმის“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) გაერთიანებულ სარჩელებზე იმსჯელა. იგი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამეგრელოს და გურიის ოლქების საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებს მოიცავს.

6 ნოემბრის სასამართლო პროცესზე, ისევე, როგორც 5 ნოემბრის სხდომაზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა და გამოთქვა ეჭვი, რომ მოსამართლე შესაძლოა, არ იყოს მიუკერძოებელი. მისივე თქმით, შოთა სირაძე იყო ხობის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ამასთან, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მამაა.

02:47 7.11.2024

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მეთერთმეტე საათია გრძელდება სხდომა, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის“ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვა, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა საიას 12 საქმე (40-მდე ოლქის წინააღმდეგ) და კოალიცია ,,ჩემი ხმის“ საქმეები.

არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია გოჩა დიდავას, დავით ახალბედაშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის შემადგენლობით.

სხდომას მეთერთმეტე საათია ესწრება საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე, რომელიც სხდომათა დარბაზიდან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროცესის დაწყებამდე იშუამდგომლა საქმეების გამიჯვნაზე, რაზეც მათ სასამართლო კოლეგიისგან უარი მიიღეს:

„ამ მოცულობის საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება არ იყო გონივრული და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას გამოიწვევდა. ასევე დავსვით კითხვები, როდესაც საჩივრები თავდაპირველად სხვადასხვა მოსამართლეს დაეწერა, რატომ მოხდა მათი გაერთიანება.

დიმიტრი გვრიტიშვილმა გვიპასუხა, რომ რადგან სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა, არ იქნებოდა სწორი, ერთგვაროვან მოთხოვნებზე სხვადასხვა მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება, რადგან პრაქტიკა სხვადასხვაგვარი ვერ იქნებაო. ამით ფაქტობრივად აღიარა, რომ სხვადასხვა მოსამართლესთან ამ საქმეების განხილვისას ალბათობა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილებები მიგვეღო, არსებობდა.

ახლა, როდესაც ეს პროცესი ჯერ ისევ გრძელდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა.

რა თქმა უნდა, სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მიერ და ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია. თუმცა, ფორმალურად პროცესი გრძელდება და მივყვებით ეტაპებს“, - წერს სოციალურ ქსელში ნონა ქურდოვანიძე.

6 ნოემბერს, რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, გვიან ღამით გამოცხადდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ.

03:24 7.11.2024

ზუსტად 12 საათია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა, სადაც განიხილება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სადამკვირვებლო კოალიციის „ჩემი ხმა“ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვა, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სხდომა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე საათს გასტანს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას.

სწორედ სააპელაციო სასამართლოა ბოლო ინსტანცია, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს იხილავს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხდომები შემჭიდროებულ ვადებში, სავარაუდოდ, 5-6 ნოემბერს უნდა გაიმართოს და მოსარჩელეებმა უკვე კვირის ბოლოსთვის უნდა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სასამართლო სისტემამ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.

6 ნოემბერს დაწყებულ სხდომაზე, სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები და მოსამართლეთა ერთი კოლეგიის განხილვის ქვეშ მოაქცია.

საჩივრებს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით, გოჩა დიდავა და დიმიტრი გვრიტიშვილი იხილავენ.

მოსარჩელე მხარემ სხდომის დაწყებამდე დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის აცილებასთან დაკავშირებით, მაგრამ კოლეგიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

10:46 7.11.2024

თითქმის 19 საათია რაც სააპელაციო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

თითქმის 19 საათია თბილისის სააპელაციო სასამართლოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლო სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმის” საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, თითეული ოლქის ცალ-ცალკე. ამ წუთებში საგარეჯოს ოლქში დაწერილი საჩივრები განიხილება.

სარჩელის ავტორების კითხვებს ცესკოს წარმომადგენლები პასუხობენ. მთავარი საკითხი ხმის ფარულობის დარღვევაა.

მრავალსაათიანი სხდომის მიუხედავად, სასამართლო მტკიცებულებების შესწავლის ეტაპზე არ გადასულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს საიას 12 საქმეს (40-მდე ოლქის წინააღმდეგ) და ასევე კოალიცია „ჩემი ხმის“ საქმეებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG