Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა.

12:01 6.11.2024

თბილისის სააპელაციო სასამართლოში იწყება საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო

მოსარჩელე ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი კრწანისისა და ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში ბიულეტენების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ამბობს, მათ დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც გადათვლის დროს მოხდა პროცედურული ნორმების დარღვევა. კერძოდ, არსებითად ბათილი ბიულეტენები მიჩნეულ იქნა არსებითად ნამდვილ ბიულეტენებად და მიეწერა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს. ამავე სხდომაზე მოსამართლეთა კოლეგიამ უნდა განიხილოს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ამჯერად საარჩევნო ადმინისტრაცია ასაჩივრებს. 4 ნოემბერს, გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი გორის 15 საარჩევნო უბანში ბათილი ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შესახებ.

„წინასწარი შედეგები და შემაჯამებელ ოქმში მითითებული შედეგები ერთმანეთს ბათილ ბიულეტენებთან მიმართებით არ დაემთხვა. ეს მოთხოვნა გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა და მოითხოვა ხელახალი გადათვლა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვცდილობთ, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული და თუნდაც ის შემთხვევები, როდესაც არსებითად ბათილი ბიულეტენები არსებითად ნამდვილ ბიულეტენად იქნა მიჩნეული, ცხადია, პრობლემად და დარღვევად ჩაითვალა, რადგან არსებობს რისკი, რომ ეს არა მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, არამედ ამას შეიძლება ტენდენციის სახეც ჰქონდეს“, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ხატია ცეცლხაძე.

სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომები საარჩევნო სარჩელებთან დაკავშირებით 5 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, 5 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების მიერ სასამართლოსთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის ფონზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა სხდომა ერთმანეთის მიყოლებით გადაიდო. თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს 14 საათზე გაიმართება კიდევ ერთი სხდომა, სადაც განიხილება აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები.

12:11 6.11.2024

სააპელაციო სასამართლოში სხდომა დაიწყო 12 საათზე. ამ სხდომაზე გაერთიანდა ოთხი საარჩევნო სარჩელი.

12:19 6.11.2024

ოპოზიციის აქცია სააპელაციო სასამართლოსთან - პირდაპირი ჩართვა

12:52 6.11.2024

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა სხდომაზე წარადგინეს ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ნამდვილად ცნობილი სამი ბიულეტენი, რომელიც მათი განცხადებით, ეს ბიულეტენები არსებითად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

საარჩევნო სარჩელების განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში
საარჩევნო სარჩელების განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში

„პრობლემა გამოვლინდა შემდეგში, რომ ბათილი ბიულეტენები არსებითად ნამდვილ ბიულეტენებად იქნა მიჩნეული. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 ოქტომბერს, ცესკომ გამოსცა განკარგულება, რომლითაც დაადგინა ბიულეტენის შევსების წესი, სადაც მითითებულია, რომ ნამდვილად მიიჩნევა ის ბიულეტენი, სადაც გაფერადებულია წრე, და ასევე მითითებულია სპეციალური მარკერი. ბიულეტენები ნამდვილად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როდესაც გაფერადებულია წრის შიდა სივრცე და ეს გაფერადება უნდა მოხდეს სპეციალური მარკერით.

ჩვენს შემთხვევაში, საქმეში დართულია სამი ბიულეტენი, სადაც ორ შემთხვევაში, ცხადად ჩანს, რომ წრე საერთოდ არ არის შემოხაზული. წრესაც კი არ ეხება შემოხაზვა. მარკერი არ ეხება წრეწირს, რაც ცესკოს მიერ გამოცემული განაკრგულების მიხედვით, არის ბათილი. საოლქო საარჩევნო კომისიამ ასეთი ბიულეტენები მიირჩნია ნამდვილად. რაც შეეხება მესამე შემთხვევას - მესამე შემთხვევაში მონიშვნა გაკეთებულია კალმით. თუმცა, 5 ოქტომბერს გამოცემული განკარგულებით, ნამდვილად მიიჩნევა ის ბიულეტენი, რომელიც მარკერითაა მონიშნული.

ამ სამ შემთხვევაში მოხდა სამი არსებითად ბათილი ბიულეტენის ნამდვილ ბიულეტენად მიჩნევა. ბათილი ბიულეტენის დასტიდან ეს სამი ბიულეტენი გადაიდო ნამდვილ ბიულეტენში და მიემატა ეს ხმები კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს. რაც ცხადია, რომ არის არსებითად პროცედურული ნორმების დაღვება. მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ ადმინისტრაციას, არ აქვს უფლებამოსილება შევიდეს იმ მსჯელობაში, არის თუ არა ნება გამოხატული იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ამაში მას ეხმარება სწორედ ეს განკარგულება. პირველ ინსტანციაში საოლქო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოხდა ნების გამოვლენის შეფასება, რაც არსებითად არ არის სწორი“, - აცხადებენ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები. ჩუღუქრეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, ლევან კაპანაძე მათ ამ განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ „იქ მონიშნული იყო კონკრეტული სუბიექტი, გამოხატული იყო კონკრეტული ნება“.

"სამართლიანი არჩევნები" ანალოგიურ დარღვევაზე საუბრობს კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაშიც - "იქ ნამდვილად ცნეს ის ბიულეტენები, რომლებიც არსებითად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG