“ერთ-ერთ პოსტში ის მეუღლეს გადაწყვეტილებას უწონებს” - რა წერია ცესკოს სააპელაციო საჩივარში
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ასაჯაროებს საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივრის შინაარსს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წერს, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს.
საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარში ვკითხულობთ:
“საქმის განმხილველი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე ელზა გურგენიძე არის “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” შემომწირველი… გამოირჩევა სოციალურ ქსელებში პოლიტიკური და საარჩევნო სუბიექტის “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო სააგიტაციო განცხადებებით. ერთ-ერთ პოსტში ის მეუღლეს მიღებულ გადაწყვეტილებას უწონებს და უქებს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ბატონ ვლადიმერ ხუჭუას წინამდებარე საქმის განხილვაზე უნდა მიეღო თვითაცილების გადაწყვეტილება, რადგან არსებობს ეჭვის რეალური საფუძველი, მის მიუკერძოებლობაში. ასეთი გადაწყვეტილება ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი შინაარსის მატარებელი… საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელსაც არ უნდა განეხილა. ამრიგად, საქმის არაკანონიერი შემადგენლობის განხილვის გამო, სახეზეა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი”, - წერია საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარში, რომელსაც საია აქვეყნებს.
მეორე დღეა, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია იმართება
დაირღვა თუ არა არჩევნებზე ხმის ფარულობა? სააპელაციო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუამდგომლობით ექსპერიმენტი ჩატარდა. ექსპერიმენტი ცესკოს თანამშრომლების მონაწილეობით მიმდინარეობდა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებოდნენ
ცესკოს იურისტი, გიორგი სანტურიანი, სააპელაციო სხდომის მსვლელობისას ამბობს, რომ იმის თქმა, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონდა განცდა, რომ მის ნებას აკონტროლებდნენ, და ის, რომ მისი გამოვლენილი ნება იყო ხილვადი ელექტრონული მთვლელი აპარატით ხმის მიცემისას, არ არის სწორი და არგუმენტირებული.
“ვეთანხმები საიას ხელმძღვანელის მოსაზრებას, რომ რეალურად საკითხი ერთ-ერთ კონკრეტულ, მარტივ გარემოებაზე გადის, უზრუნველყოფილი იყო თუ არა ფარულობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არის თუ არა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.
თეორიულად რომ დავუშვათ, თუკი ფარულობის პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი, ხომ უნდა შევაფასოთ მისი მასშტაბი ან გამოვლინება, როგორი იყო. რამდენად დაფიქსირდა ეს კენჭისყრის დღეს, რადგან მას შემდეგ, რაც დრო გადის, დროსთან ერთად, შესაძლებელია სხვა აღქმებიც გაჩნდეს, ფოტოსურათები და ა.შ.
მაგრამ რა ხდებოდა კენჭისყრის დღეს, რა მოცემულობა გვქონდა? კენჭისყრის დღეს გამახვილდა ყურადღება, რომ ამომრჩეველს არ ჰქონდა საჩივრის დაწერის უფლება. ამომრჩეველი თუკი პრეტენზიას დააფიქსირებდა, არავინ ამ პრეტენზიის დაფიქსირებას ხელს არ შეუშლიდა. ერთი საჯარო განცხადება მაინც ხომ უნდა გაკეთებულიყო ამომრჩევლების მხრიდან კენჭისყრის დღეს? არა ახლა, როცა ხუთი და ექვსი დღეა გასული. იმ კონკრეტულ მომენტში არ შეიძლებოდა ამის გადაწყვეტა?
თუკი ამომრჩეველი დააფიქსირებდა, რომ მონიშვნა გადავიდა მეორე მხარეს, მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა. რა იცოდა ამომრჩეველმა, რომ ყველა ბიულეტენი ასეთი იყო, მინიმუმ ერთს მაინც ხომ უნდა ეცადა, გამომიცვალეთ ბიულეტენიო.
ამ საზომით იმის გაზომვა, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონდა განცდა, რომ მის ნებას აკონტროლებდნენ, და ის, რომ მისი გამოვლენილი ნება იყო ხილვადი ელექტრონული მთვლელი აპარატით ხმის მიცემისას, არ არის სწორი და არგუმენტირებული.
მთავარი ფარულობის უზრუნველყოფის მექანიზმი არის ჩარჩო კონვერტი. და დღესაც დავინახეთ, რომ ჩარჩო კონვერტის გამოყენებით სრულად არის შესაძლებელი ფარულობის პრინციპის დაცვა.
ვფიქრობთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც გაუქმდა წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ჯამში 30 უბნის შედეგები, არის დაუსაბუთებელი”, - ამბობს გიორგი სანტურიანი.
ამ სიტყვამდე ცოტა ხნით ადრე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცესკოს შუამდგომლობით ექსპერიმენტი ჩატარდა. დაირღვა თუ არა ფარულობის პრინციპი კენჭისყრის დღეს.
ექსპერიმენტის ჩატარების პროცედურას და ფორმას აპროტესტებდნენ დარბაზში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან ექსპერიმენტი ცესკოს თანამშრომლების მიერ ჩატარდა. მათი თქმით, ეს ექსპერიმენტი ვერ უზრუნველყოფს ჭეშმარიტების დადგენას.
უკვე 8 საათია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვა, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.
დღევანდელ სხდომაზე განიხილება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი საჩივარიც, რომელიც შეეხება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დააკმაყოფილა. საარჩევნო ადმინისტრაცია დღევანდელ სააპელაციო სხდომაზე სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
ფორუმი