Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა.

11:49

სხდომაზე შედარებით დიდი დრო დაუთმეს ირმა სუბელიანს, რომელიც მცხეთის საოლქო კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, საუბნო კომისიის წევრია და იმის გამო, რომ კომისიის მდივანი ვერ გამოცხადდა საარჩევნო დღეს ადგილზე, მას მოუწია მცხეთის ოლქის 33-ე უბანზე მდივნის მოვალეობის შესრულება.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმა“ ჰყვება, რომ ირმა სუბელიანს თან ჰქონდა ამომრჩეველთა სია და უბანზე მისულებს აღრიცხავდა.

„ამ სიებს გვერდით ეწერა, რაღაც კოდები, მაშინ ვერ გავიგეთ რა იყო, შემდეგ ტვ პირველზე გამოძიება გავიდა ე.წ. ქოლცენტრებზე და ვნახეთ ანალოგიური სიები, მაშინ მივხვდით, რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო“, - თქვა თამთა კახიძემ.

მცხეთის საოლქო კომისიის წარმომადგენელი, ნათია წიტაური ამბობს, რომ ჰკითხეს ირმა სუბელიანს, მან უარყო სიებთან კავშირი და თქვა, რომ „ნერვიულობდა, მდივნის ფუნქცია მოულოდნელად მიანიჭეს და პროცედურებს იმეორებდა“. მისი ახსნა-განმარტება თან ახლავს საქმის მასალებსო, თუმცა „ჩემი ხმის“ წარმომადგენლის თქმით, ეს ახსნა-განმარტება საქმის მასალებში არ იძებნება.

11:34

„თუ დამკვირვებლებს მუშაობა ეზღუდებათ უბანზე, მოსამართლეებო გეტყვით, რომ ყველა უბანზე არის ოლქის წარმომადგენლების ნომრები, შეეძლოთ დაერეკათ და ეცნობებინათ, თქვენ (დამკვირვებლებს რ.თ.) არც ერთი ასეთი მტკიცებულება არ წარმოგიდგენიათ. ყველა უბანზე რეაგირებას ვახდენდით შემოსული შეტყობინებების მიხედვით. ასევე არ გვქონია შემთხვევა, რომ კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლის საჩივარი არ ჩაიბარა“, - ასე უპასუხა მცხეთის საოლქო კომისიიზ წევრმა, ნათია წიტაურმა საჩივარს, რომელიც მცხეთის მეშვიდე უბანს ეხება და რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე „ჩემი ხმის“ დამკვირვებლის საჩივარი „ხანდაზმულობის მოტივით“ არ ჩაიბარეს.

11:19

„ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის. სადავოდ გახადეს შეფასებები, ისინი ფიქრობენ, რომ ამ დარღვევებს მნიშვნელობა არ ჰქონია”, - ამბობს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმის” იურისტი, თამთა კახიძე კახეთის საარჩევნო ოლქების წარმომადგენელზე, რომელიც სასამართლოს თავის არგუმენტებს წარუდგენდა. საუბარს აგრძელებს „ჩემი ხმის” კიდევ ერთი წარმომადგენელი თეონა ზაქარიშვილი:

„ვერიფიკაციის აპარტთან უნდა იდგესო დამკვირვებელიო, მაგრამ ტელეფონი სხვაგან უნდა ჰქონდესო. ზეპირად უნდა დაიმახსოვრონ მერე მოყვნენ და ამაზე გვეტყვიან, რომ ვალიდური მტკიცებულება თურმე არ არის ეს.

იმისთვის, რომ ვალიდური მტკიცებულებები შევქმნათ პროცესს სრულად უნდა დავაკვირდეთ. არასწორია მიდგომა, რომ დამკვირვებლებს ადგილი აქვთ მიჩენილი კუთხეში”.

ამ წუთებში სასამართლოს არგუმენტებს მცხეთის საოლქო კომისიის წარმომადგენელი აცნობს. ფორმატი ასეთია - სარჩელებს ოლქების მიხედვით მიჰყვებიან. მოსარჩელე სარჩელს წარადგენს, შემდეგ კი ოლქის წარმომადგენელი ცესკოდან საჩივრებს უბნების მიხედვით პასუხობს.

11:12

ჯერი მცხეთის ოლქზეა, სარჩელს მოსამართლეებს „ჩემი ხმა“ წარუდგენს. ორგანიზაცია მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც ამ ოლქში უბნების ბათილობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„მცხეთის პირველ უბანზე ორჯერ დაფიქსირდა ბიულეტენისთვის სურათის გადაღების ფაქტი.

მეშვიდე უბნიდან გაძევებული დამკვირვებელი დავით ხიზანიშვილი რამდენიმეჯერ დაბრუნდა უბანზე და გაძევების შემდეგ საშუალება მიეცა მარკირების გარეშე მიეცა ხმა ამავე უბანზე. „ჩემი ხმის“ დამკვირვებელმა უბნის გარეთ შეადგინა საჩივარი, შევიდა უბანზე და დახვდა ისევ ხიზანიშვილი, უბნის თავმჯდომარემ ხანდაზმულობის მოტივით არ ჩაიბარა „ჩემი ხმის“ საჩივარი.

ამავე უბანზე მათ შორის ხიზანიშვილის მხრიდან დაფიქსირდა აგიტაცია, უბანში შესვლამდე ამომრჩეველს ეუბნებოდნენ ვისთვის მიეცათ ხმა და გამოსვლისას ეკითხებოდნენ ვის მისცეს", - თქვა პროცესზე იურისტმა მარიამ კაპანაძემ.

ამას გარდა მცხეთის ოლქში დაწერილი საჩივრები ეხება: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას, მარკირების ფანრის პრობლემებს, კონვერტში ორი ბიულეტენის აღმოჩენას.

მცხეთის ერთ-ერთ უბანზე მარიამ კაპანაძის თქმით, შუადღის ორ საათამდე გაუმართავი მარკირების ფარნებით მუშაობდნენ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG