Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა.

10:55 7.11.2024

- სამი პირადობა რომ ჯიბეში აღმოაჩნდა მოქალაქეს ამაზე რას იტყვით? - ჰკითხა ცესკოს წარმომადგენელს „ჩემი ხმის” იურისტმა.


- ხმა მისცა სამი პირადობით? ჯიბეში რა ედო, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ..

10:53 7.11.2024

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე მოიტანა თაბახზე ამობეჭდილი ფოტო, სადაც მისი მტკიცებით, ასახულია, დამკვირვებელი, რომელიც რეგისტრატორის უკან დგას. ამით ცესკო აჩვენებს, რომ მტკიცება, თითქოს დამკვირვებელს რეგისტრატორის უკან დგომა არ შეეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება. საუბარია საგარეჯოს ოლქზე.

სხდომაზე განიხილეს ტექნოლოგიურ უბნებზე შედეგების ბათილობის საკითხიც, ხმის ფარულობის დარღვევის გამო შემდეგ ოლქებში: სიღნაღი, დედოფლისწყარო, ახმეტა, თელავი, ქარელი, ხაშური, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, ახალქალაქი, ადიგენი, მცხეთა, დუშეთი, საგარეჯო, ლაგოდეხი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი.

10:46 7.11.2024

თითქმის 19 საათია რაც სააპელაციო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

თითქმის 19 საათია თბილისის სააპელაციო სასამართლოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლო სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმის” საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, თითეული ოლქის ცალ-ცალკე. ამ წუთებში საგარეჯოს ოლქში დაწერილი საჩივრები განიხილება.

სარჩელის ავტორების კითხვებს ცესკოს წარმომადგენლები პასუხობენ. მთავარი საკითხი ხმის ფარულობის დარღვევაა.

მრავალსაათიანი სხდომის მიუხედავად, სასამართლო მტკიცებულებების შესწავლის ეტაპზე არ გადასულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს საიას 12 საქმეს (40-მდე ოლქის წინააღმდეგ) და ასევე კოალიცია „ჩემი ხმის“ საქმეებს.

03:24 7.11.2024

ზუსტად 12 საათია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა, სადაც განიხილება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სადამკვირვებლო კოალიციის „ჩემი ხმა“ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვა, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სხდომა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე საათს გასტანს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას.

სწორედ სააპელაციო სასამართლოა ბოლო ინსტანცია, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს იხილავს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხდომები შემჭიდროებულ ვადებში, სავარაუდოდ, 5-6 ნოემბერს უნდა გაიმართოს და მოსარჩელეებმა უკვე კვირის ბოლოსთვის უნდა იცოდნენ, რა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სასამართლო სისტემამ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.

6 ნოემბერს დაწყებულ სხდომაზე, სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები და მოსამართლეთა ერთი კოლეგიის განხილვის ქვეშ მოაქცია.

საჩივრებს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით, გოჩა დიდავა და დიმიტრი გვრიტიშვილი იხილავენ.

მოსარჩელე მხარემ სხდომის დაწყებამდე დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის აცილებასთან დაკავშირებით, მაგრამ კოლეგიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG