Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა.

22:06 6.11.2024

მეორე დღეა, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია იმართება

20:11 6.11.2024

“ერთ-ერთ პოსტში ის მეუღლეს გადაწყვეტილებას უწონებს” - რა წერია ცესკოს სააპელაციო საჩივარში

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ასაჯაროებს საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივრის შინაარსს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წერს, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს.

საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარში ვკითხულობთ:

“საქმის განმხილველი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე ელზა გურგენიძე არის “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” შემომწირველი… გამოირჩევა სოციალურ ქსელებში პოლიტიკური და საარჩევნო სუბიექტის “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო სააგიტაციო განცხადებებით. ერთ-ერთ პოსტში ის მეუღლეს მიღებულ გადაწყვეტილებას უწონებს და უქებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ბატონ ვლადიმერ ხუჭუას წინამდებარე საქმის განხილვაზე უნდა მიეღო თვითაცილების გადაწყვეტილება, რადგან არსებობს ეჭვის რეალური საფუძველი, მის მიუკერძოებლობაში. ასეთი გადაწყვეტილება ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი შინაარსის მატარებელი… საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელსაც არ უნდა განეხილა. ამრიგად, საქმის არაკანონიერი შემადგენლობის განხილვის გამო, სახეზეა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი”, - წერია საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარში, რომელსაც საია აქვეყნებს.

19:18 6.11.2024

საია არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოში ხმის მთვლელ აპარატზე ხელახალი ექსპერიმენტის ჩატარებას

თბილისის სააპელაციოში საპარლამენტო არჩევნებზე სააპელაციო სარჩელების განხილვა გრძელდება. ამ წუთებში, მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს მიმართავს

17:24 6.11.2024

მამუკა ხაზარაძემ, ოპოზიციური გაერთიანების „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სააპელაციო სასამართლოს სხდომა დროზე ადრე დატოვა. ის ესწრებოდა სხდომას, სადაც მოსამართლეთა კოლეგია არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო საჩივრებს განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ და ასაჩივრებს სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებს. რამდენიმე ათეულ სარჩელს 6 ნოემბერს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია გოჩა დიდავას, დავით ახალბედაშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის შემადგენლობით.

მოსარჩელე მხარემ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დიმიტრი გვრიტიშვილის აცილება მოითხოვეს, თუმცა, მათი მოთხოვნა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სხდომა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს „ახლა მიდის ტიპიური საბჭოთა სასამართლო, სადაც მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი კოლეგიის ერთ-ერთი წევრია. კაცი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოსამართლე კი არა, იყო მხარე „ქართული ოცნების“ და მმართველი პარტიის ე.წ. კლანის ნაწილი. მისი აცილება იქნა მოთხოვნილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, კოლეგიამ თქვა, რომ არანაირი კონფლიქტი არ არსებობს იმ გამოთქმებში, რომელიც მას წლების განმავლობაში აქვს გაკეთებული არასამთავრობო სექტორის მიმართ. და ეს არ არის მხოლოდ გამოთქმები, ეს იყო თავდასხმები მათზე. 24 საქმეა შემოტანილი მხოლოდ საიასგან. 24 საქმის გაცნობა ერთი დღის განმავლობაში, აბსოლუტურად შეუძლებელია. ეს არის საჩვენებელი, ვითომ სასამართლო პროცესი. არაფერი საერთო ამას სასამართლოსთან და სამართალთან არ აქვს. უკვე წინასწარაა ცნობილი, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ“. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ერთ-ერთია, რომელიც გასულ გაზაფხულზე აკრიტიკებდა და ეწინააღმდეგებოდა ე.წ. „ვეტინგის“ ჩატარებას. „ვეტინგი“ ეს არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ ჩანაწერი და მეთოდი. მართალია, ეს ტერმინი საქართველოს შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციებში ნახსენები არაა, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა და NGO-ების ნაწილმა კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ ჩანაწერს ვეტინგი დაარქვეს. ორი წლის წინ დიმიტრი გვრიტიშვილი ასევე აკრიტიკებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და აცხადებდა, რომ „თავდაცვითი რეჟიმიდან, სასამართლო ხელისუფლება გადადის თავდასხმით რეჟიმზე":

„გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს „ჭეშმარიტებას“, სხვა დანარჩენი, ყველა, განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. გეკითხებით, სად არის კლანი? სასამართლოშია კლანი თუ არასამთავრობო სექტორში? მტკიცებულებებით ვამხელთ ყველა სუბიექტს, მიუხედავად მისი სტატუსისა, იქნება ეს პოლიტიკოსი, მედიის წარმომადგენელი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშგარე დატოვებას და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანას, იმ კუთხით, რომ არაჯანსაღ კომუნიკაციას ამყარებს ცალკეულ მოსამართლეებთან", - ამბობდა ის 2022 წელს, მას შემდეგ, რაც 23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მეორე ვადით აირჩია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG