Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: მოლდოვის არჩევნები იმის „მტკიცებულებაა“, რომ საქართველოში არჩევნები „მოპარულია"


ფოტო არქივიდან. საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი (მარცხნივ) და მაია სანდუ. კიშინიოვი, 2022 წლის ოქტომბერი
ფოტო არქივიდან. საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი (მარცხნივ) და მაია სანდუ. კიშინიოვი, 2022 წლის ოქტომბერი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის არჩევნებს მიიჩნევს საქართველოში „მოპარული არჩევნების საუკეთესო მტკიცებულებად“.

„თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა“, - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 4 ნოემბერს, სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, პროევროპელი მაია სანდუს გამარჯვების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა მეორე პოსტიც იმის შესახებ, რომ რუსეთის მსგავსი ჩარევის და მასობრივი გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა გადაარჩინა 300 ათასმა ამომრჩეველმა დიასპორიდან, მილიონიანი ქართული დიასპორა კი დაბლოკეს და კენჭისყრაზე მხოლოდ 34 ათასი დაუშვეს.

მოლდოვაში 3 ნოემბერს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(45%).

ისევე როგორც 20 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ ტურამდე, რომელშიც სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა გასამარჯვებლად საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მოლდოვის ხელისუფლებამ მეორე ტურის დროსაც განაცხადა არჩევნებში რუსეთიდან ჩარევის შესახებ.

3 ნოემბერს პრეზიდენტ მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტანისლავ სეკრიერუმ რუსეთი დაადანაშაულა კენჭისყრის პროცესში მასობრივად ჩარევაში. მოსკოვში ამას უარყოფენ.

მოლდოვაში გამოძიება დაიწყო აზერბაიჯანში, ბელარუსსა და თურქეთში გახსნილ უბნებზე კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მოსკოვიდან თვითმფრინავებით ამომრჩევლების სავარაუდო ორგანიზებული გადაყვანის გამო. კიშინიოვმა რუსეთის ჩარევის გაგრძელებად მიიჩნია ცრუ შეტყობინებებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ბომბის არსებობის შესახებ.

26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ხმების თითქმის 54%-ით პირველ ადგილზე გავიდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება", დანარჩენი ხმები კი ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებაზე განაწილდა.

ოპოზიციამ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და შედეგები არ აღიარეს. „ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის... წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება, მოქალაქეებს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამასთან, ემიგრანტებს წაართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, იქაც იყო დარღვევები სხვადასხვა ხერხებით და სხვადასხვა ფორმით...", - განაცხადა 27 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდა, უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG