მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტიურობა ჩვეულებრივზე უფრო მაღალია.
ადგილობრივი დროით 17 საათისთვის, საარჩევნო კომისიის თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 47%-მა. ეს უფრო მეტია, ვიდრე პირველ ტურში და მეტია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით.
მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ პირველ ტურში გაიმარჯვა და ხმების 42% მოაგროვა. 26% ჰქონდა ყოფილ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრ სტოიანოგლოს, რომელსაც პრორუსული „მოლდოვის სოციალისტური პარტია“ უჭერს მხარს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და ისინი 21 საათზე დაიხურება.
წინასწარი მონაცემები 22 საათისთვის (თბილისის დროით 24 საათი) არის მოსალოდნელი, პირველ მნიშვნელოვან შედეგებს კი ნაშუაღამევს მოელიან.
სანდუმ საარჩევნო უბანში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ხმა მისცა „მოლდოვასთან ერთად“.
„ქურდებს სურთ, იყიდონ ჩვენი ხმები, სურთ იყიდონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა უსაზღვროდ მეტია ნებისმიერ მათ ვერაგობაზე,“ თქვა მან. „მოლდოვის ძალა ყოველ თქვენგანშია, რწმენითა და იმედით გამოდით ხმის მისაცემად. ყურადღებით იყავით, მოლდოველებო!“
ფორუმი