Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის უნივერსიტეტში დააკავეს სტუდენტი ქალი, რომელიც ნაწილობრივ გაშიშვლდა


უშიშროების ძალებმა დააკავეს სტუდენტი ქალი, რომელიც თეირანის უნივერსიტეტის კამპუსში ნაწილობრივ გაშიშვლდა.
უშიშროების ძალებმა დააკავეს სტუდენტი ქალი, რომელიც თეირანის უნივერსიტეტის კამპუსში ნაწილობრივ გაშიშვლდა.

ირანში თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტი ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც ის ნაწილობრივ გაშიშვლდა უნივერსიტეტის კამპუსში.

ამის შესახებ პირველებმა განაცხადეს ირანულმა ტელეგრამის არხებმა და უფლებადამცველებმა. მათი ინფორმაციით, უშიშროების სამსახურების თანამშრომლები სტუდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო.

სოციალური ქსელები ასევე წერენ, რომ უშიშროების ძალებმა და პროსამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია „ბასიჯის“ წარმომადგენლებმა დაკავებულს ტანსაცმელი შემოახიეს. თუმცა ზოგიერთი თვითმხილველი ამტკიცებს, რომ სტუდენტმა ტანსაცმელი თავად გაიხადა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტუდენტი პოლიციაში წაიყვანეს და მასთან შეწყდა კონტაქტი. ამასთან, უნივერსიტეტის წარმომადგენელმა თქვა, რომ დაკავებული ფსიქიკურად დაავადებულია და ის კლინიკაში გაგზავნეს.

სტუდენტის ვინაობას არ იტყობინებიან.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ირანში ადამიანის უფლებათა საკითხებზე განაცხადა, რომ იგი ყურადღებით აკვირდება თეირანში მომხდარს. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ადვოკატთან და ოჯახთან ხელმისაწვდომობის გარანტია მოითხოვა. აპრილში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გამოაცხადა ქვეყანაში ახალი სამართალდამცავი სააგენტოს შექმნის შესახებ, რომელიც ქალებისთვის ითვალისწინებს მკაცრი ჩაცმულობის კოდექსის დაცვას. ეს განცხადება მოჰყვა ცნობებს, რომ ირანის ხელისუფლებამ ბოლო დღეებში გააძლიერა მორალის დაცვის შემოწმება, რომლის ფარგლებშიც, როგორც ფოტოები მოწმობს, რეიდების მონაწილეები ქალების მიმართ ძალადობდნენ.

2022 წლის სექტემბერში ირანში სტუდენტი ქალი მაჰსა ამინი გარდაიცვალა. მორალის პოლიციამ იგი ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ქალიშვილს „გულის შეტევა ჰქონდა“. ამინის ახლობლები ამტკიცებენ, რომ მას პოლიციელებმა სცემეს.

ამინის სიკვდილის შემდეგ ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. საპროტესტო აქციები გაგრძელდა რამდენიმე თვის განმავლობაში და ირანის კონსერვატიული ხელმძღვანელობისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა. ასობით ადამიანი დაიღუპა შეტაკებებში, ათასობით დააპატიმრეს და რამდენიმე მომიტინგე სიკვდილით დასაჯეს.

გასული წლის ოქტომბერში ირანში გარდაიცვალა 17 წლის არმიტა გერავანდი. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მან ტრავმები მიიღო ჰიჯაბის უქონლობის გამო დაკავებისას. ოფიციალური ვერსიით, გერავანდს თეირანის მეტროში უცებ დაუვარდა წნევა, გონება დაკარგა, წაიქცა და მიიღო ტვინის ტრავმული დაზიანება, რამაც გამოიწვია ჰიპოქსია და ცერებრალური შეშუპება. ქალიშვილი საავადმყოფოში მოათავსეს და მან გარკვეული პერიოდი კომაში გაატარა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG