ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ მალკევიჩისთვის არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაციის გაცემის შესახებ და აცხადებს, რომ ცესკოს მიმართ მორიგი დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გაიცა, ცესკოს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე და ეს არ განეკუთვნება ამ უწყების უფლებამოსილების ფარგლებს.
ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, „დაინტერესებული პირები“ საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული პირის აკრედიტაციით კანონი დაარღვია და ამის საფუძველი ცესკოს თავმჯდომარის ჟურნალისტთან პირადი ნაცნობობა იყო:
„მანიპულაციურად არის წარმოჩენილი ის ფაქტი, რომ თითქოს აღნიშნული პირის მიერ აკრედიტაციისთვის მომართვა პირადად ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელდა და თითქოს ეს წარმოადგენს მთავარ მტკიცებულებას იმისა, რომ მათ შორის კავშირები არსებობს, მაშინ როდესაც კორესპონდენციის წარმოების პროცესში მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს, რომ მიმართვა ინსტიტუციის ხელმძღვანელის სახელზე კეთდება და ამითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხორციელდება.
ნებისმიერი ადგილობრივი თუ უცხოური მედიის წარმომადგენელი აკრედიტაციას გადის მარტივი პროცედურით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გამოგზავნით. თუ გამოგზავნილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო ადმინისტრაცია გასცემს შესაბამის აკრედიტაციას.
აღნიშნული კარგად არის ცნობილი დაინტერესებული მხარეებისთვის, და ალბათ სწორედ ამიტომ, ამ დეზინფორმაციის გასამყარებლად ონლაინსივრცეში დამატებით გაავრცელეს დოკუმენტები, თითქოს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუსეთში სწავლობდა ვინმე ალექსანდრ მალკევიჩთან ერთად“, - აცხადებს ნათია იოსელიანი.
ინფორმაცია ალექსანდრ მალკევიჩის საქართველოში ყოფნის შესახებ 31 ოქტომბერს გაავრცელა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.
როდის, როგორ და რატომ ჩამოვიდა საქართველოში ალექსანდრ მალკევიჩი, რუსი პროპაგანდისტი, ტელეარხ სანქტ-პეტერბურგის გენერალური დირექტორი, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის კომისიის ყოფილი წევრი, რომელიც წლებია აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია, ამ კითხვაზე პასუხების მოძიება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
დიდი ალბათობით, რუსმა პროპაგანდისტმა საქართველოში შემოსვლით დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებაც.
ინტერნეტში დღესაც იძებნება ინფორმაცია და ფოტოები იმის შესახებ, რომ 2023 წლის აგვისტოს ბოლოს ის ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა და დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს შეხვდა.
მესამე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს კომენტარს, როგორ შემოვიდა რუსი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე.
ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ მალკევიჩის საქართველოში ყოფნის შესახებ პირველ ნოემბერს სიუჟეტი მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, რუსმა პროპაგანდისტმა ცესკოს აკრედიტაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახელზე პერსონალური მიმართვის საფუძველზე მიიღო.
ფორუმი