პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ მათ აინტერესებთ კომპანია „სმარტ მატიკთან“ დადებული ხელშეკრულების დეტალები. კერძოდ, დეტალები მაიდენტიფიცირებელ ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვის, სიის შენახვის ვადის და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებზე.
„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თითოეული დაგვიანებული დღე ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია“, - თქვა ნათია მეზვრიშვილმა და დასძინა, რომ სასამართლოსგან მოითხოვენ, დაავალოს ცესკოს მონაცემების შენახვა.
ამ საკითხზე გუშინ, 31 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართა ნათია მეზვრიშვილის თანაგუნდელმა ბექა ლილუაშვილმაც. მან თქვა, რომ არჩევნების შედეგებზე მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა სწორედ ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება.
ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არჩევნებში მონაწილე ადამიანების სიის გასაჯაროების შესაძლებლობას მათ კანონმდებლობა არ აძლევს. ისვე აღნიშნავს, რომ ერთი წლის ვადით ინახავენ იმ ქვითრებს, რომელიც სარეგისტრაციო მოწყობილობამ დაბეჭდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის იდენტიფიცირების შემდეგ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს.
პროკურატურაში დაბარების პასუხად, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.
პროკურატურა იუწყება, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას, ვინაიდან მათ არ ენდობიან.
მასალა განახლდა ცესკოს პრესსპიკერის კომენტარის მიღების შემდეგ.
ფორუმი