Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველო ევროპულ გზაზე წინ არ მიდის" - ევროპელმა ელჩებმა "ქართულ ოცნებას" უპასუხეს


ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე.
ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე.

ევროკავშირი იმეორებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერდა. "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა ამის პასუხად განაცხადეს, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

30 ოქტომბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური გაფართოების ანგარიში, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს "უმნიშვნელო" პროგრესი აქვს იმ ცხრა დათქმის თვალსაზრისით, რომელთა შესრულებაც გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის აუცილებელი წინაპირობაა.

გაწევრების მოლაპარაკებების დაწყება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგი ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე. უკრაინამ და მოლდოვამ ბრიუსელთან ივნისში დაიწყეს მოლაპარაკებები.

ევროკავშირის არაერთი წარმომადგენლის განცხადებას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ.

"საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 31 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პაპუაშვილი თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ 35 თავზე.

"ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან, გასული ერთი წლის მანძილზე, საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი - 13 თავზე", - განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

იგივე გაიმეორა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

"ევროკომისიის გაფართოების ანგარიში აღნიშნავს პროგრესის განსხვავებულ დონეს გაფართოების 35-დან 25 თავზე ბოლო 12 თვეში. ამდენად, ბევრი ბრალდებისა და სპეკულაციის საპასუხოდ, საქართველოს წინსვლა აქვს ევროკავშირის გზაზე და ფუნდამენტური უფლებების კვლავ თავში ბოსნია-ჰერცეგოვინაზე, მოლდოვაზე და უკრაინაზე წინაა", - დაწერა ნიკოლოზ სამხარაძემ სოციალურ ქსელ X-ზე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს X-ზე უპასუხა მელინე არაკელიანმა, ნიდერლანდის ელჩმა საქართველოში. მან დაწერა:

"არა, ბატონო სამხარაძე, ასე არაა. საქართველო წინ არ მიდის ევროკავშირის გზაზე, რამდენადაც უკუსვლაა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების თვალსაზრისით. საქართველოს ევროკავშირში შესვლის პროცესი ამიტომაა შეჩერებული".

ნიკოლოზ სამხარაძემ უპასუხა ნიდერლანდის ელჩის პოსტს და დაწერა, რომ "წინსვლა 25 თავში წინსვლაა, როგორც არ უნდა შეხედო".

მოგვიანებით "ქართული ოცნების" ხაზს დაუპირისპირდა ესტონეთის ელჩი საქართველოში:

"სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებას, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის გზაზე. საქართველოს ევროკავშირში შესვლა გაიყინა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო", - დაწერა მარგე მარდისალუ-კაჰარმა.

იგივე გაიმეორა დანიის ელჩმა ანე ტოფტ სიორენსენმა:

"[საქართველოს] ევროკავშირში შესვლის პროცესი გაიყინა საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო. ასე მარტივად".

ამ საკითხს ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების ელჩებიც გამოეხმაურნენ.

"ევროკავშირში შესვლა დამსახურებებზეა დაფუძნებული. ის მთლიანადაა დამოკიდებული თითოეული ქვეყნის წინსვლაზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში შესვლა შეჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როცა საქართველო ევროკავშირის გზაზე დაბრუნდება", - დაწერა X-ზე შვედეთის ელჩმა ანა ლიბერგმა.

"ევროკავშირი ვერ განიხილავს საქართველოსთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას კარგად ცნობილი დემოკრატიის უკუსვლის გამო. სამწუხაროა, მაგრამ არა გასაკვირი", - დაწერა საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ.

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს:

"საქართველო უკან მიიწევს. უპრეცედენტოა უკუსვლა სამართლის და ფუნდამენტური უფლებების მხრივ. არჩევნები არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რასაც [ევროკავშირის] კანდიდატისგან ელიან. ევროკავშირის ლიდერები მალე შეხვდებიან, რათა შედეგებზე იმსჯელონ", - დაწერა გერმანელმა დიპლომატმა.

პეტერ ფიშერი მიანიშნებს ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე, რომელიც რვა ნოემბერს უნდა გაიმართოს. მასში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ის უკვე ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროპელი ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში იქნება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG