რადიო თავისუფლებამ გერმანიის ფედერალური პროკურატურის წყაროსგან შეიტყო, რომ გერმანიისა და რუსეთის მოქალაქე დიტერ ს.-ს (მისი გვარი განაჩენის გამოტანამდე არ გახდება ცნობილი) ბრალად ედება „უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საქმიანობაში მონაწილეობა. ამასთან, მას ბრალად ედება მძიმე ძალადობრივი დანაშაულის მომზადება, რომელიც საფრთხეს უქმნის სუვერენულ სახელმწიფოს.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მიუნხენში, ბავარიის უზენაეს სასამართლოში. პროკურატურა ბრალდებაში აღნიშნავს, რომ დიტერ ს. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის აგვისტომდე აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის(„ДНР“), რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების მხარეს და ამასთან დაკავშირებით ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის თანახმად, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ არის "პრორუსული გაერთიანება, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს კონტროლს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე დონეცკის ოლქზე, სუვერენული სახელმწიფოსგან მისი გამოყოფის მიზნით“.
"ДНР" გერმანიაში მიჩნეულია დანაშაულებრივ, ტერორისტულ გაერთიანებად. ასეთ ორგანიზაციებში მონაწილეობა ისჯება კანონით.
ბრალდებული, სავარაუდოდ, 2014-2015 წლის ზამთარში "ДНР-ის" მხარეს დონეცკის აეროპორტში იბრძოდა, 2015 წლის ივნისში კი - ქალაქ მარინკაში. დიტერ ს. ასევე ეჭვმიტანილია ჯაშუშურ საქმიანობაში. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ბრალდებული 2024 წლის 17 აპრილს დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
ფორუმი