Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში


ბიძინა ივანიშვილი - პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე
ბიძინა ივანიშვილი - პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მრავალმილიონიანი ქონება ეკუთვნის საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში. უშუალოდ ივანიშვილის სახელზე კი მხოლოდ სოფელ ჭორვილაში არსებული სახლებისა და მიწების ნაწილია.

რა ქონებას ფლობს ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი - ამის შესახებ მან ჩაწერა 2024 წლის 4 ოქტომბერს დეკლარაციაში, რომელიც მან, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, შეავსო. ის პარტია „ქართული ოცნების“ სიის #1-ია.

დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ ანტიკორუფციული ბიუროდან გამოითხოვა.

ქონება საქართველოში

მისი და მისი ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელზეა რეგისტრირებული 20-მდე მიწის ნაკვეთი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში და ამავე სოფელში ოთხი საცხოვრებელი სახლი. ჯამში მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები 180 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება, რაც რამდენჯერმე აღემატება დინამოს სტადიონს. ხვედელიძის სახელზეა გაფორმებული ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ საირხეში 5,6 ათასი კვადრატული მეტი მიწა.

ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკუთვნის 5,5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა საგურამოში, თბილისში, კრილოვის ქუჩაზე მდებარე 116 კვადრატული მეტრის ზომის ბინისა და სარდაფის ნაწილი.

რაც შეეხება თბილისში, სოლოლაკში 14 ათას კვ.მ-ზე მეტ ფართობზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, სპორტულ და დამხმარე ფართებს, ის არც უშუალოდ ივანიშვილისა და არც მისი ცოლის - ხვედელიძის სახელზეა. საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწა შენობა-ნაგებობიანად ეკუთვნის შპს „ფინსერვისი- XXI“-ს, ივანიშვილს კი მისგან აქვს ფართი დაქირავებული. ამ კომპანიის მფლობელი კომპანია საქართველოში არ არის რეგისტრირებული.

ქონება რუსეთში

მოსკოვში, ოდენცოვის რაიონში ჯამში 12 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი სამი მიწის ნაკვეთიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ცოლს ეკუთვნის. მასზეა რეგისტრირებული 614 კვადრატული მეტრის ზომის სავრასოვის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის 50 პროცენტი.

ქონება საფრანგეთში

ეკატერინა ხვედელიძე ფლობს საფრანგეთში, ლა-სელ-სენ-კლუში 1935 კვადრატული მეტრის ზომის მიწის ნაკვეთსა და 300 კვადრატული მეტრის ზომის სახლს.

2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საფრანგეთსა და რუსეთში მათი ქონება ეს მიწები და სახლები იყო.

ფული

ცოლ-ქმარს ფულის შენახვა უცხოურ ვალუტაში, უფრო ზუსტად კი ამერიკულ დოლარში ურჩევნია. რომელ ბანკებში აქვთ მათ ანგარიშებზე თანხა, ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან წინასაარჩევნოდ შევსებული დეკლარაცია პოლიტიკოსისგან ავალდებულებს ამ ინფორმაციის მითითებას. მათ საბანკო ანგარიშებზე ჰქონდათ:

  • 159,3 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი;
  • 17 ათას ევრომდე;
  • 110 ათას ლარზე მეტი.

„ბლუმბერგის“ დღევანდელი, 31 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 7,55 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კომპანიები

უშუალოდ ცოლ-ქმრის სახელზეა რეგისტრირებული რამდენიმე კომპანია საქართველოში, საფრანგეთში, პანამაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და ბაჰამის კუნძულებზე.

ამ ჩამონათვალში არ არის „ბანკი ქართუ“. ამ ბანკის ანგარიშის მიხედვით, მფლობელი უტა ივანიშვილია, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG