Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას პარტია კიდევ ერთხელ მოითხოვს, არჩევნებში მონაწილეთა ბაზა ნეიტრალურ პლატფორმას გადაეცეს


ბექა ლილუაშვილი, პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი
ბექა ლილუაშვილი, პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ მოითხოვს, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა ნეიტრალურ და ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს, ადამიანებს კი შესაძლებლობა ჰქონდეთ, საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ. ამის შესახებ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, არჩევნების შედეგებზე მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა სწორედ ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება.

„დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს წარმომადგენლებისა და „ქართული ოცნების“ ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების სისტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც სწორედ ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებაა, არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ!“ - თქვა ბექა ლილუაშვილმა.

ამასთან, პარტიის ცესკოსგან მოითხოვს არჩევნების ელექტრონული წესით უზრუნველმყოფელ კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის და მასში შესული ყველა ცვლილების გასაჯაროებას.

"დროის გაყვანის მცდელობას ადასტურებს ისიც, რომ ცესკოს ჯერ არ წარმოუდგენია „სმარტმატიკთან“ გაფორებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვის ვადების მარეგულირებელი დოკუმენტაცია. ამ ინფორმაციის მოთხოვნით ჩვენ ცესკოს ორი დღის წინ მივმართეთ", - განაცხადა ლილუაშვილმა.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ არჩევნებზე და მის შედეგებზე სისტემურად ტექნოლოგიური მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა, ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება.

"ყოველი უპასუხო დღე, მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტის მიხედვით, თავდაპირველად, რა ვადაში იყო ან/და ცვლილების შედეგად, ახლა რა ვადაში უნდა მოხდეს ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის გასუფთავება", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ის პარტიის სახელით მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს.

პროკურატურაში დაბარების პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.

პროკურატურა იუწყება, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას, ვინაიდან მათ არ ენდობიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG