Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg: შვეიცარიულ ბანკს ივანიშვილისთვის $282 მილიონით ნაკლების გადახდა მოუწევს


ბიძინა ივანიშვილს და შვეიცარიულ ბანკს შორის დავა მიმდინარეობს ორ იურისდიქციაში - ბერმუდასა და სინგაპურში.
ბიძინა ივანიშვილს და შვეიცარიულ ბანკს შორის დავა მიმდინარეობს ორ იურისდიქციაში - ბერმუდასა და სინგაპურში.

სინგაპურის სასამართლომ შეამცირა იმ თანხის რაოდენობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან ზარალის ანაზღაურების სახით უნდა მიიღოს.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, შვეიცარიულმა UBS ჯგუფმა მილიარდერ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს, $282 მილიონით ნაკლები უნდა გადაუხადოს იმასთან შედარებით, რაც თავდაპირველად დააკისრა სინგაპურის სასამართლომ.

ამის შესახებ ცნობილი ხდება UBS ჯგუფის განცხადებიდან, რომელიც თან ახლდა 2024 წლის მესამე კვარტლის შედეგებს.

სინგაპურის სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს ყოფილ პრემიერს, შვეიცარიული ბანკისგან $743 მილიონი უნდა მიეღო. ახლა ეს თანხა $461 მილიონამდე შემცირდა.

ბიძინა ივანიშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 21 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში. მისი სიტყვებით, კომპენსაციის ოდენობა ორივე მხარის ექსპერტების ჩართულობით უნდა დაზუსტებულიყო, რაც ორი საათის საქმე იყო, თუმცა Credit Suisse-ის ექსპერტმა ამ საქმეს მთელი ორი თვე მოანდომა და სასამართლომ განაჩენი საბოლოოდ 30 სექტემბერს გამოიტანა.

ბიძინა ივანიშვილმა "მოპარული ფულის დასაბრუნებლად" 2016 წელს დაიწყო დავა. 2015 წელს გაირკვა, რომ მას შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში განთავსებულ ფულს ჰპარავდა პირადი ბანკირი, პატრის ლესკოდრონი.

ლესკოდრონმა, რომელიც 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს და ორწლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, 2020 წელს თავი მოიკლა.

ფინანსური პრობლემების, მათ შორის ივანიშვილთან მიმდინარე დავების გამო, 2023 წელს Credit Suisse-ი შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, UBS-მა იყიდა. ახლა სწორედ ისინი აგრძელებენ დავას ბიძინა ივანიშვილთან.

უმდიდრესმა ქართველმა Credit Suisse-ს დავა ბერმუდის სასამართლოშიც მოუგო და სინგაპურის სასამართლოშიც. ბერმუდის სასამართლომ 2022 წელს Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ბიძინა ივანიშვილისთვის $607 მილიონის გადახდა დააკისრა, 2023 წლის მაისში კი უკვე სინგაპურის სასამართლომ დაავალა შვეიცარიული ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ $743 მილიონი გადაეხადათ.

სასამართლო დავებში გამარჯვების მიუხედავად, ივანიშვილს კუთვნილი ფული ჯერ არ მიუღია - დავა ორივე იურისდიქციაში კვლავ გრძელდება. პროსახელისუფლებო სპიკერები ამ ფაქტს ხშირად მიაწერენ "გლობალური ომის პარტიას".

ფორუმი

XS
SM
MD
LG