Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩთან შეხვედრას გეგმავს


"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს, შეხვდება. მისივე ცნობით, ეს შეხვედრა ელჩთან უკვე შეთანხმებულია.

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას ივანიშვილმა თქვა, რომ სინგაპურის სასამართლოში დავის მოგების შემდეგ, მან "მყისიერად", წინა კვირაში დაურეკა აშშ-ის ელჩს და შეხვედრა სთხოვა.

"ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად, თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი. ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. სურვილი უნდა იყოს ორმხრივი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მანვე განმარტა, რატომ ამბობდა უარს ელჩთან შეხვედრაზე. მისი სიტყვებით, შეხვედრას აზრი არ ექნებოდა, რადგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას "კომპლექსის" გამო ვერ მიიღებდა - რომ ამას აკეთებს "დაბლოკილი ფულის გამო და არა ქვეყნისთვის".

"ჯერ კიდევ აშშ-ის პირველ ელჩს კარგად განვუმარტე. შეხვედრებზე წინააღმდეგი კი არ ვიყავი! მაგას როგორ ვიკადრებ? ელემენტარული უზრდელობაა. მე განვუმარტავდი: ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნებოდა, რამეთუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებდი მონაწილეობას, სასარგებლო რომ იყოს ევროპისთვის, ამერიკისთვის და საქართველოსთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მე მაქვს კომპლექსი, რომ ამას ვაკეთებ იმ ფულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი. მხოლოდ ამ მიზეზით ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს [უარს შეხვედრაზე]. ვწერდი, ეს ნაწერები მაქვს. მე ვეუბნებოდი, თქვენ თუ მოახერხებთ, ამ ფულს სადაც გინდათ იქით მივმართავ, ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია, სხვა ფონდში გადავრიცხო. ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს არასწორად დაბლოკილი თანხები და მე ვერაფრით ვიკადრებ, რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა, კომპლექსის გამო. მე სულ მექნება კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ჩემი თანხები დამიბრუნონ და არა იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. კარგად განვუმარტავდი, ბოდიშს ვუხდიდი [აშშ-ის ელჩს], არ იფიქროთ, რომ თავხედი ვარ, ამაყი ვარ", - ამბობს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო შეხვედრის შესახებ კომენტარისთვის რადიო თავისუფლება აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდა. მათი პასუხი მიღებისთანავე აისახება ტექსტში.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს რამდენიმე იურისდიქციაში ედავება. თანხა, რომელსაც ივანიშვილი ითხოვს, დაახლოებით 800 მილიონი დოლარია. ივანიშვილი აცხადებს, რომ დაზარალდა ფინანსისტ პატრის ლესკოდრონის ქმედებებით.

ქართველი მილიარდერის თანახმად, მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი Credit Suisse-ში 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.

პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობის გამო. ორწლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ის 2019 წელს გაათავისუფლეს, 2020 წლის ივლისში კი თავი მოიკლა. Credit Suisse-ის ოფიციალური პოზიციაა, რომ ბანკს არ ჰქონია თანამშრომლის თაღლითობის შესახებ ინფორმაცია და რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა.

სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიული Credit Suisse-ის ადგილობრივ „შვილობილ“ კომპანიას დააკისრა 742,7 მილიონი დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკმა დაარღვია აქტივების დაცვის ვალდებულებები.

სასამართლომ საქმეზე პირველი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მიიღო. მაშინ ზარალი 926 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა შემდეგ მოხდა თანხის კორექტირება, რათა თავიდან აეცილებინათ თანხის ორმაგი ანაზღაურება. 2022 წელს ბერმუდის კუნძულების სასამართლომ ამავე საქმეში შვეიცარიულ კომპანიას 600 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

როგორც ჩანს, ივანიშვილის ადვოკატებს ჯერ კიდევ წინ აქვთ სააპელაციო პროცესი. Credit Suisse აპირებს სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

13 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენს, შეხვედრაზე უარი უთხრა. მან მიზეზად ივანიშვილისთვის დაწესებული დე ფაქტო სანქციები დაასახელა. საქმე ეხება თანხას, რომელსაც ივანიშვილი Credit Suisse-ს ედავება.

„ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი ერთი და იგივეა: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს“, - თქვა კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილის შეთქმულების თეორიის თანახმად, „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“.

აშშ-ის საელჩო საქართველოში და ელჩი რობინ დანიგანი ხშირად აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით.

„ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში“, - თქვა რობინ დანიგანმა 18 სექტემბერს.

დეზინფორმაციის გავრცელება, ანტიდასავლური ქმედებები და უარყოფითი რიტორიკა აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ იყო მიზეზები, რის გამოც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტისას, აშშ-ის მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე მოსაწვევი გაუუქმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG