Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსუყე ლაქები ბიულეტენის მეორე გვერდზე - „ა, დათვი და ა, კვალი“


მარკერის კვალი ბიულეტენის მეორე გვერდზეც ჩანდა

მარკერის კვალი ბიულეტენის მეორე გვერდზეც ჩანდა, რის გამოც ხმის ფარულობა მასობრივად დაირღვა, - აცხადებენ ოპოზიციური პარტიები, დამკვირვებლები და ამომრჩევლები. საია ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

26 ოქტომბრის ელექტრონულ არჩევნებზე მარკერის კვალი ბიულეტენს ხშირად მეორე მხარესაც ეტყობოდა. ბიულეტენი, მართალია, თავსდებოდა ჩარჩო კონვერტში, მაგრამ აპარატში შეცურების დროს, მაინც ჩანდა. სწორედ ამის გამო, ბიულეტენი კონვერტში გადაბრუნებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რადგან მარკერის მელანი მეორე მხარესაც ჟონავდა, გადაბრუნებამაც აზრი დაკარგა, მოკლე კონვერტმაც და კაბინაში განცალკევებამაც. აპარატში შეცურებისას შავი მსუქანი წერტილი ჩანდა.

ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, აცხადებენ, რომ ამ ხარვეზის გამო ყველას შეეძლო დაენახა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა, განსაკუთრებით იოლად ამას დაინახავდა კომისიის ის წევრი, რომელიც ბიულეტენების ჩასაყრელ აპარატთან იდგა. ამასთან, საარჩევნო უბანზე დამონტაჟებული იყო კამერები, რომლებიც ზოგჯერ სწორედ ამ აპარატს უყურებდა.

„"ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი.

ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპებს“, - განაცხადა 30 ოქტომბრის ბრიფინგზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ. საია ყველა იმ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა, ასეთი კი 2263 უბანია.

30 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თამარ კორძახიამაც გამართა ბრიფინგი და ცესკოდან უკვე გაფერადებული ბიულეტენის ნიმუში მოითხოვა.

„გადმოგვცენ იმისათვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ის ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს. ამას დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩავუტარებთ და შევამოწმებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობისა და მასობრივად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით“, - თქვა თამარ კორძაიამ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამტკიცებენ, რომ ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. ცესკო ასევე აცხადებს, რომ თუ მარკერის კვალი ზოგ შემთხვევაში კიდეც ჩანდა მეორე მხარეს, ის სუსტი იყო და მისი საშუალებით არჩევანს ვერ განსაზღვრავდი, ამასთან, ჩარჩო კონვერტი, რომელშიც ბიულეტენი თავსდებოდა, ფარავდა გაფერადებულ წრეს.

„ღამის კურიერში“ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბიულეტენების ხარისხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიულეტენების სისქე შეთანხმდა კომპანია „სმარტმატიკითან“, რომელიც საარჩევნო აპარატურის მოწოდებასა და დაპროგრამებაზე იყო პასუხისმგებელი.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლიათ გითხრათ, რომ ბიულეტენის გრამაჟი ყველაზე მაღალი იყო იმასთან შედარებით, რაც როდესმე გამოგვიყენებია ქართულ არჩევნებში, ვგულისხმობ წინა არჩევნებს, იცით, რომ რვა პილოტი ჩატარდა. ბიულეტენის გრამაჟი უნდა ყოფილიყო 162, პლუს მინუს 20%-ის ფარგლებში. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია და მაქსიმალურ გრამაჟზე დავსვით“, - განაცხადა კალანდარიშვილმა და ისიც აღნიშნა, რომ ამაზე სქელ ბიულეტენს უკვე აპარატი აღარ გაატარებდა.

„სამართლიანი არჩევნების“ ექსპერტი გიორგი მონიავა რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ქაღალდზე მარკერის კვალი ახალი ამბავი არ არის. იგივე ხდებოდა წინა არჩევნებზეც, ზოგიერთ იმ უბანში, სადაც ხმა ელექტრონულად მისცეს.

„ეს ანგარიშებშიც გვაქვს ასახული. მაშინ აღგვითქვეს, რომ აღმოფხვრავდნენ ამ პრობლემას და 2024 წლის არჩევნებისთვის უფრო სქელ ქაღალდს გამოიყენებდნენ. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა არ მოგვარდა. როგორც კი ოდნავ დააწვებოდი ქაღალდს, მეორე მხარეს ემჩნეოდა.

შესაბამისად, რადგან ქვევით ეწერა "ქართული ოცნება" და ზევით - ოპოზიციური პარტიები, უპრობლემოდ დაადგენდი, სამთავრობო პარტიას მისცა ადამიანმა ხმა თუ ოპოზიციას“, - ამბობს გიორგი მონიავა. მისი თქმით, ხმის ფარულობას არც ჩარჩო კონვერტი არ უზრუნველყოფდა, რადგან აპარატში შეცურებისას ბიულეტენი ყველა შემთხვევაში ჩანს. – „გარდა ამისა, ძალიან ბევრ უბანზე "ქართულმა ოცნებამ" დააყენა ვიდეოკამერები, რომლებიც პირდაპირ ყუთებს უყურებდა. თან უბანზე იმყოფებოდნენ დამკვირვებლები, პარტიების წარმომადგენლები, ისინიც ხედავდნენ ბიულეტენის ყუთში მოთავსების პროცესს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხმის ფარულობა დაცული არ იყო თითქმის არცერთ უბანზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიყენებოდა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე წარუდგინა საჩივრები. ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველია, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების გაბათილება არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკომ სულ 3111 საარჩევნო უბანი გახსნა, აქედან ელექტრონულად არჩევნები ჩატარდა 2263 საარჩევნო უბანზე.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG