Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Politico: საქართველოში არჩევნებს ჩრდილი მიაყენა დაშინებამ და ჩარევამ, აცხადებენ დამკვირვებლები


საარჩევნო უბანი თბილისში
საარჩევნო უბანი თბილისში

დასავლეთის სადამკვირვებლო მისიის თანახმად, საქართველოში ჩატარებულ კრიტიკული მნიშვნელობის საპარლამენტო არჩევნებს ჩრდილი მიაყენა პოლიტიკურმა ძალადობამ და დარღვევებმა, წერს Politico.

გამოცემა მიმოიხილავს ეუთოს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი მისიის 500-მდე დამკვირვებლის მუშაობას საქართველოში გამართული არჩევნების პერიოდში.

მას მოჰყავს ეუთოს სპეციალური კოორდინატორის, პასკალ ალიზარის სიტყვები, რომლის თანახმად, ხმების მოსყიდვა და „ფინანსური რესურსების დისბალანსი, მტრული საარჩევნო ატმოსფერო და ახლახან ჩატარებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევდა ამ საარჩევნო პროცესში“.

ხოლო ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ანტონიო ლოპეს-ისტურის უაიტის თქმით, „საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია იყენებდა ანტიდასავლურ და მტრულ რიტორიკას; მისი სამიზნე იყვნენ საქართველოს დემოკრატიული პარტნიორები, კერძოდ, ევროპის კავშირი, მისი პოლიტიკოსები და დიპლომატები; ის ხელს უწყობდა რუსულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და შეთქმულების თეორიებს“.

მისი თქმით, საქმე გვაქვს დემოკრატიის სფეროში საქართველოს უკუსვლასთან. „ის, თუ როგორ ჩატარდა გუშინდელი არჩევნები, სამწუხაროდ ამის დასტურია. ვშიშობთ, რომ სიძულვილისა და დაშინების ატმოსფერომ, რის მოწმენიც გავხდით არჩევნების დღეს, შეიძლება სერიოზულად შეუშალოს ხელი საქართველოს პოლიტიკურ წინსვლას,“ დასძინა მან და ივარაუდა, რომ საქმე გვაქვს „რთულ, ფართო და კარგად მომზადებულ სქემასთან“.

თავის მხრივ, გამოცემა შენიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, საკმარისი ხმების მოპოვების შემთხვევაში აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და მათ დეპუტატებს არ მისცეს პარლამენტში ადგილების დაკავების უფლება.

არჩევნების შედეგების შესახებ ოპოზიციური პარტიების რეაქციაზე საუბრისას Politico-ს მოჰყავს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას სიტყვები, რომ ის და მისი მოკავშირეები არ მიიღებენ „მოპარული არჩევნების“ შედეგებს.

„არჩევნები მოიპარეს. მოხდა ძალაუფლების უზურპაცია, ეს სახელმწიფო გადატრიალებაა. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღიაროს ოპოზიციის გამარჯვება,“ მოჰყავს გამოცემას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სიტყვები.

Politico-ს თანახმად, ორმა უცხოელმა დამკვირვებელმა, რომლებმაც ანონიმურობის შენარჩუნება ისურვეს, გამოცემას უთხრა, რომ ისინი პირადად იყვნენ მოწმენი დათვლის პროცესში დარღვევებისა და საარჩევნო უბნებში ძალადობისა.

Politico-ს მოჰყავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰნკას მიერ სოცქსელებში დაწერილი გაფრთხილება, რომ „საქართველოს არჩევნებში დარღვევების შესახებ ცნობები ღრმა შეშფოთებას იწვევს“.

ამავე დროს გამოცემა წერს, რომ ოპოზიციამ დარღვევების დამაჯერებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, თუკი შედეგების გასაჩივრებას აპირებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით Politico-ს მოჰყავს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას სიტყვები: „პროტესტმა შეიძლება ვერ მოიკრიფოს ძალა, თუკი ოპოზიცია ვერ წარმოადგენს დარღვევების მტკიცებულებებს. თუკი ისინი დაამტკიცებენ, რომ დარღვევები სისტემატური იყო, ფართო საზოგადოებრიობა მხარს დაუჭერს მას“.

გამოცემა ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლები, რაც გაზრდის იმის პერსპექტივას, რომ განახლდება ხანგრძლივი დემონსტრაციების მოძრაობა, რომელსაც ზაფხულში თან სდევდა აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობა.

საუბრობს რა დასავლეთთან საქართველოს ხელისუფლების მზარდი დაპირისპირების შესახებ, Politico საგანგებო ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ ინიციატივით მიღებულ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობაზე, რომელსაც გამოცემა „რუსული სტილის“ კანონმდებლობას უწოდებს, და ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართულ აკრძალვებზე.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG