Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

18:37

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.

ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან არჩევნების წინა პერიოდში და კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევების დროულ გამოძიებას.

"გამოვთქვამთ შეშფოთებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს საკანონმდებლო არჩევნების შესახებ ახლახან გამოქვეყნებული პირველი დასკვნების შემდეგ, რომელიც მიუთითებს ამომრჩევლების მიმართ „ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე“ და „დემოკრატიულ უკუსვლაზე“.

ველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ გამოიძიებს კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღვევებს და განახორციელებს ეუთოსა და ევროპის საბჭოს კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ცნობილი როგორც ვენეციის კომისია, რეკომენდაციებს.

ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემა და დაცვა საჭიროა, რათა საქართველომ დაადასტუროს თავისი ევროპული საფუძველი", - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს.

მათ შორის:

  • არჩევნების პერიოდში არსებული პოლარიზებული გარემო;
  • ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, რაც, ფართოდ იყო გავრცელებული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში;
  • დისბალანსი ფინანსური რესურსების კუთხით და ამ მხრივ მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს;
  • პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ზეგავლენას ახდენდა პროცესის მიუკერძოებელ გაშუქებაზე და აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.


ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.

  • არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
  • კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
  • "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს.
  • პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.


არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც საქართველოს პრეზიდენტი და საზოგადოებას მოუწოდებს, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივა.

19:02

20:32
სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ფიცს დებს საქართველოს ძველი და მოქმედი სახელმწიფო დროშების წინაშე, რომ ხალხთან ერთად იქნება ბოლომდე.

„თქვენ აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცეთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის დღევანდელი ჩვენი დროშა. ორივე დროშის წინაშე მე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე... სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა. მომავალი სხვა ჩვენ არ გვაქვს, არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას თავისი შემდეგი თაობებისთვის - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ უცხოურ მედიებს მისცა ინტერვიუები და ესაუბრა ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრებს. პრეზიდენტის შეფასებით, მკაფიო განცხადება ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ერთი გამონაკლისის გარდა, არავინ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

„გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელმაც აქ ჩაიარა [უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა] არავინ არ აღიარებს ამ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. სხვათა შორის, შეიძლება, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა გამოჩნდეს სრული სურათი, როგორ შეიქმნა ხმების უპრეცედენტო, სისტემური წართმევა, წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელმაც „წაგვართვა პარლამენტი და კონსტიტუცია“. მან დაამატა, რომ „არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს“.

20:32

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG