Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

14:25 28.10.2024

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად ნატოს პრესსპიკერმა ფარა დახლალამ განაცხადა, რომ გამოძიებული უნდა იყოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ნატო საქართველოს მოუწოდებს გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.

"საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა არათანაბარი პირობები, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგების მიმართ. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იქნეს გამოძიებული".

ნატოს სპიკერის განცხადებით "სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები მნიშვნელოვანია მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის".

14:49 28.10.2024

რუსეთი მტკიცედ უარყოფს მის მიმართ ბრალდებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს, მათ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი აქვს, ლამის მყისიერად ადანაშაულებენ რუსეთს ჩარევაში. არა, ეს ასე არაა. არავითარი ჩარევა არ ყოფილა. ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლო ხასიათისაა“, - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის პასუხად.

არჩევნების შედეგების კომენტირებისას, მან თქვა, რომ „ეს ქართველი ხალხის არჩევანია“.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მესამე ქვეყანა ამ არჩევნებში არ ჩაერიოს, ქალბატონი პრეზიდენტი (სალომე ზურაბიშვილი) ამბობდა, რომ არ აღირებს არჩევნების შედეგებს, არ ვიცი შედის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებში არჩევნების აღიარება ან არაღიარება“, - განაცხადა პესკოვმა.

„ნებისმიერ შემთხვევაში ეს შიდაქართული თემაა“, - დაამატა პუტინის პრესმდივანმა.

მანამდე პესკოვს არაერთხელ უთქვამს, რომ დასავლეთი ერევა საქართველოს არჩევნებში და არა რუსეთი.

16:01 28.10.2024

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციაზე გასვლა სოციალურ ქსელში დააორგანიზეს. ისინი მსურველებს საკუთარ ავტომობილებს სთავაზობდნენ დედაქალაქში ტრანსპორტირებისთვის

16:03 28.10.2024

პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაში.

მისი თქმით, აქცია, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართება, მნიშვნელოვანია, რათა გამყარდეს „24-საათიანი ბრძოლა“, რომელსაც აწარმოებენ ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების, როგორც სამართლიანი ინსტიტუტის, გადარჩენისთვის.

„რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს გამყარდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვიქნებით, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, ყოველთვის, როგორც ვიყავით აქამდე და ვიქნებით მომავალშიც“, - აცხადებს გიორგი გახარია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG