„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოქმედების გზების შესახებ შეხვედრა გამართეს. კონსულტაციას ესწრებოდა პრეზიდენტის წარმომადგენელიც.
შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გეგმას პარლამენტის შენობის წინ დანიშნულ აქციაზე წარადგენენ.
„დღეს, 19:00 საათზე ველოდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც წაართვეს ყველაზე მთავარი, ღირებული - საკუთარი არჩევანი. ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის ხმას, ეს ასე არ დამთავრდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია და იქ გაგაცნობთ გეგმას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, შეხვედრაზე არამხოლოდ ტექნიკური საკითხები განიხილეს, თუმცა მან არ დააზუსტა, რას ეხებოდა მსჯელობა.
„რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია და მიდის მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინც აკვირდებოდა ამ არჩევნებს“, - თქვა მან.
ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი პლატფორმა X-ზე ორი პოსტით ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და წერს, რომ საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით.
„ესტონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. ძალიან შემაშფოთებელი საკითხები წარმოიჭრა არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარების შესახებ. დემოკრატია დაფუძნებულია ნდობაზე. ყველა ხმას ითვლება, ყველა ხმა მნიშვნელოვანია“.
კიდევ ერთ პოსტში ის წერს:
"მოდი, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ამ პროცესის მიმართ ნდობა ყველა ქართველს ჰქონდეს. ესტონეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის გვერდით“.
პირდაპირი: კოალიცია „ჩემი ხმა“ არჩევნების დაკვირვების შედეგად მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებს და „ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული გაყალბების სქემას“ წარადგენს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან არჩევნების წინა პერიოდში და კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევების დროულ გამოძიებას.
"გამოვთქვამთ შეშფოთებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს საკანონმდებლო არჩევნების შესახებ ახლახან გამოქვეყნებული პირველი დასკვნების შემდეგ, რომელიც მიუთითებს ამომრჩევლების მიმართ „ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე“ და „დემოკრატიულ უკუსვლაზე“.
ველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ გამოიძიებს კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღვევებს და განახორციელებს ეუთოსა და ევროპის საბჭოს კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ცნობილი როგორც ვენეციის კომისია, რეკომენდაციებს.
ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემა და დაცვა საჭიროა, რათა საქართველომ დაადასტუროს თავისი ევროპული საფუძველი", - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს.
მათ შორის:
- არჩევნების პერიოდში არსებული პოლარიზებული გარემო;
- ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, რაც, ფართოდ იყო გავრცელებული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში;
- დისბალანსი ფინანსური რესურსების კუთხით და ამ მხრივ მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს;
- პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ზეგავლენას ახდენდა პროცესის მიუკერძოებელ გაშუქებაზე და აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
- არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
- კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
- "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს.
- პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც საქართველოს პრეზიდენტი და საზოგადოებას მოუწოდებს, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივა.
ფორუმი