Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

12:36 28.10.2024

აშშ გმობს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროცესში საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. 27 ოქტომბრით დათარიღებული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

ბლინკენის შეფასებით, არჩევნებზე აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას, თუმცა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.

აშშ მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთად აღმოფხვრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები.

12:38 28.10.2024

მთავრობის სხდომის დაწყებისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიცია ვერ ეგუება საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას. მისი განცხადებით, საქართველოში კონსტიტუციურ წყობილებას ვერავინ შეარყევს.

„ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის NGO-ები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის და ვხედავთ, რეალურად რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, ამ ქვეყანაში სცადეს დაპირისპირებოდნენ. თუმცა ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ შეარყევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამართალდამცველ ორგანოებს და ცესკოს. „უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები. თვითონ არჩევნების დღეც თვისებრივად წარიმართებოდა მშვიდად“, - თქვა მან და დაამატა, რომ რამდენიმე უბანში იყო კოორდინირებული პროვოკაციები, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში იმოქმედა შსს-მ.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის - ეუთო/ოდირის მისიას.

13:02 28.10.2024

რეალობა, რომელიც არჩევნების დღის შემდეგ დადგა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა და პარტნიორების შეფასებები, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ არჩევნების არაღიარება.

28 ოქტომბრის "დილის საუბრები" - სტუმარი: გიორგი ბუტიკაშვილი, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი

13:37 28.10.2024

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. პაპუაშვილმა თქვა, რომ ორგანიზაცია მონაცემებს მალავს.

„27 ოქტომბერს გადააცილეს [პარალელური დათვლის შედეგების] გამოქვეყნების დრო, გამეორდა 2020 წლის სცენარი, მაშინაც დააგვიანეს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. მათი მეთოდოლოგიით, ეუთოს ანგარიშამდე, 12:00 საათზე აქვეყნებენ შედეგებს და მაშინაც გადააცილეს. იმიტომ, რომ აყალბებდნენ პარალელური დათვლის შედეგებს და ვერ გადაეწყვიტათ რა შედეგები დაესვათ ზუსტად. წელსაც ISFED-ი ზუსტად იგივე სკანდალში გაეხვია, როგორც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო. მას შემდეგ, რაც მოიკითხა სხვადასხვა სუბიექტმა, რა ხდება პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, მათ საბოლოოდ, 27 ოქტომბერს, გვიან ღამით გაავრცელეს განცხადება და თქვეს, რომ მათი დათვლის შედეგები ემთხვევა ცესკოს შედეგებს, თუმცა დანარჩენი დეტალები დამალეს და არ უნდათ, რომ საზოგადოებას აცნობონ. ამიტომ, მოვითხოვთ, ISFED-მა სრულად გაასაჯაროოს პარალელური დათვლის შედეგები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG