Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

22:57 27.10.2024

საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ევროპელი და ამერიკელი ლიდერები გამოხატავენ წუხილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო და მათ შესწავლას მოითხოვენ. უკვე გამოითქვა ვარაუდები რუსეთის ჩარევასა და არჩევნების გაყალბებაზე.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს “ყურადღებით შეისწავლოს [საქართველოში ჩატარებული] არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებები და თუკი დადასტურდება [ისინი], გააკეთოს მკაფიო განცხადება“.

საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული დოკუმენტის - MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორის განცხადება ჰელსინკის კომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. კონგრესმენი ლაპარაკობს “სისტემური ძალადობის შესახებ“ ბრალდებებზე. ტექსტის თანახმად, განცხადებები ნდობას იმსახურებს, რუსეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობები კი კარგად არის დოკუმენტირებული.

“ჩვენი “მეგობარი აქტი” [MEGOBARI] მიზნად ისახავს მათ დასჯას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისკენ და სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას”, - წერია კონგრესმენ უილსონის განცხადებაში.

00:02

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი და ევროკომისია საქართველოში, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ბორელისა და ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ცესკოს და სხვა უწყებებს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები.

"მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად", - წერია განცხადებაში.

00:03

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ეხმაურება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და აცხადებს, რომ ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა იდგეს.

"საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს", - წერს იგი სოციალურ ქსელ X-ზე.

01:00

ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა 26 ოქტომბრის სტატიაში „ზვიგენების მფლობელი ოლიგარქი საქართველოს არჩევნებში გამარჯვებას აცხადებს“, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

სტატია იწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული მონაცემებით, რომელთა თანახმად, არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ჯამში ვერ დააგროვეს საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკმარისი ხმები.

შემდეგ სტატიაში ვკითხულობთ:

„მაგრამ როცა [„ქართული ოცნება“] დაწინაურდა, ყველას მზერა მიიმართა განდეგილი მილიარდერისკენ, რომელიც კულისებიდან მართავს ქვეყანას - ბიძინა ივანიშვილისკენ, რომელმაც ადგილობრივი დროით 20 საათისთვის საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ოფიციალური შედეგების დათვლამდე, გამოაცხადა გამარჯვების შესახებ.

„გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა დიდ წარმატებებს მიაღწევს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში,“ უთხრა ივანიშვილმა თავის მომხრეებს აპლოდისმენტებისა და მხარდამჭერი შეძახილების ფონზე.

ივანიშვილი უკანასკნელი 12 წლის მანძილზე დომინირებდა ქვეყნის პოლიტიკაში. ის ძალაუფლებას აღასრულებდა თავისი სახლიდან, რომელიც გადაჰყურებს დედაქალაქ თბილისს და რომელიც სავსეა გარეული ცხოველების (მათ შორის ზვიგენების), იშვიათი ხეებისა და თანამედროვე ხელოვნების უზარმაზარი კოლექციით.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG