Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

18:51 26.10.2024

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზეა სპეცრაზმისთვის განკუთვნილი ავტობუსები და სპეცტექნიკა. რამდენიმე ავტობუსი დგას პარლამენტის სიახლოვესაც.

საარჩევნო უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.

19:12 26.10.2024

სახალხო დამცველი 17:30 საათის მდგომარეობით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას აფასებს

ომბუდსმენი 26 ოქტომბრის კენჭისყრის დღეს ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევებს ჩამოთვლის:

  • ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე;
  • ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში, 51-ე საარჩევნო უბანზე;
  • დაძაბულობა იყო ქ. თბილისში, ისანში 30-ე საარჩევნო უბანთან;
  • ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. თბილისში, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს;
  • სიტყვიერი დაპირისპირებასა და ფიზიკური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი ქ. გორში, 84-ე საარჩევნო უბანზე;
  • გორში, მე-14 საარჩევნო უბანთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას;
  • ზუგდიდში, მე-9 უბანზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფიზიკურ დაპირისპირებას;
  • ასევე, გავრცელებული ცნობით, ფიზიკურად დაშავდა ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანთან მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის დროს დამკვირვებელი;
  • ახმეტის მატნის #11 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წაართვეს ტელეფონი;
  • საიას განცხადებით მათ თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები:
  • ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. ქუთაისში, მე-2 საარჩევნო უბანთან CNEWS - ის ჟურნალისტს;
  • თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები, ასევე დაზიანდა აპარატურა;
  • ტელეკომპანია “მთავარის” აპარატურის წართმევა სცადეს კახეთში.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ძალადობა და ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისათვის საქმიანობის ხელშეშლა დანაშაულებრივი ქმედებაა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს შეისწავლონ და შეაფასონ ყველა შესაძლო დანაშაულებრივი/კანონსაწინააღმდეგო ინციდენტი და მოახდინოს მათზე მყისიერი, ეფექტური და კანონის შესაბამისი რეაგირება.

19:56 26.10.2024

საიას განცხადებით, კენჭისყრის მიმდინარეობისას იყო მედიის მიმართ შეურაცხყოფის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტები

საიას განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან აგრესია და მტრული გარემო იყო მედიის წარმომადგენლების მისამართით:

  • "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ თელავში, მარნეულსა და ვაზისუბანში.
  • ფიზიკურად გაუსწორდნენ CNews-ის ჟურნალისტს.
  • „მთავარი არხის“ წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს მუშაობაში კახეთსა და ბათუმში.
  • გამოვლინდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი რუსთავში;
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ცდილობდნენ რადიო „მარნეულის“, „პუბლიკას“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის".

ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიულ საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

20:06 26.10.2024

სამი ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები

ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა „ედისონ რისერჩმა“, რომლის მიხედვითაც:

  • ქართული ოცნება - 40,9%
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16,7%
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 16,7%
  • ძლიერი საქართველო - 10.3%
  • გახარია საქართველოსთვის - 8.2%
  • გირჩი - 2.3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%
  • ლეიბორისტული პარტია - 2%

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით კვლევა HarrisX-მა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც:

ქართული ოცნება - 42%

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 13%

კოალიცია ცვლილებისთვის -18%

ძლიერი საქართველო - 9%

გახარია საქართველოსთვის - 8%

ჯამში ოპოზიციურ პარტიებს აქვთ 48%

ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლი „გორბმა“ ჩაატარა, ამ კვლევის მიხედვით:

  • ქართული ოცნება - 56,1%
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 11,6
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 12,6%
  • ძლიერი საქართველო - 7
  • გახარია საქართველოსთვის - 4,8
  • გირჩი - 3
  • პატრიოტთა ალიანსი - 2,2
  • სხვა - 2,7

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG