Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

20:28 26.10.2024

ივანიშვილი: უახლოეს 4 წელში ძალიან ბევრს გავაკეთებთ და კიდევ 4 წელში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში

"ქართული ოცნება" აღნიშნავს ეგზიტპოლის შედეგებს. 26 ოქტომბერი, 2024 წელი
"ქართული ოცნება" აღნიშნავს ეგზიტპოლის შედეგებს. 26 ოქტომბერი, 2024 წელი

მას შემდეგ, რაც 20:00 საათზე საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა და სამი ტელეკომპანიის ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, "ქართული ოცნების" ოფისთან მოწყობილი სცენიდან პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა საზოგადოებას.

"გარწმუნებთ და ვარწმუნებთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს... გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ არის არცერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები. აი, სწორედ ამ შეგნებით, იმ გაგებით, ვის უნდა მისცენ ხმა და საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა. გარწმუნებთ, რომ უახლოეს 4 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და კიდევ შემდეგ 4 წელწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში..." - თქვა მან.

ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლის ვადით რჩება, თუმცა საპირისპირო შედეგებს აჩვენებს „მთავარი არხისა“ და „ფორმულისთვის“ ჩატარებული კვლევები. ეს არ არის 20:00 საათის მონაცემები.

21:42 26.10.2024

ცესკოს ცნობით, 20:00 საათისთვის აქტივობამ 58,94% შეადგინა

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 2 060 412 შეადგინა, რაც საერთო რაოდენობის 58,94%-ია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ ეს არ არის საბოლოო შედეგი, რადგან მაღალმთიანი რეგიონის 5 უბნიდან, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 56,11% შეადგინა.

22:07 26.10.2024

ცესკომ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით პარტიების ხმები ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 52,97%
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,21%
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ 9,84%
  • „ძლიერი საქართველო“ - 9,03%
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 8,23%
  • „გირჩი“ - 3,23%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,53%.

3 111 საარჩევნო უბნიდან ელექტრონულად დათვლილია 2 201 უბანი.

00:41

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნების ცესკოს წინასწარ შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრიფინგი გაიმართა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში.

პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ისინი "მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ აპირებენ".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ. დიდი იმედი გვაქვს რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე", - თქვა მან.

ოპოზიციონერმა, ასევე აღნიშნა, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილ"ბინძური დაკვეთა" და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ "ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა".

22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53,064% დააგროვა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG