Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024: აქტივობა 20:00 საათისთვის 58,94%-ია

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

11:43

შეხლა-შემოხლა ზუგდიდში, მე-9 უბანზე

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია „ლელოს” წარმომადგენელმა დავით ჩქოტუამ მე-9 უბნის დერეფანში მომხდარ დაპირისპირებაში დაადანაშაულა „ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც მისი თქმით, კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით აკვირდებიან.

ჩქოტუას თანახმად, ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა მის შენიშვნას, რომ რამდენიმე მეთვალყურე ძალიან ახლო მანძილიდან აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცესს და ირღვეოდა ფაურულობის პრინციპი.

„ლელოს” წარმომადგენლის ცნობით, უბნის თავმჯდომარეს შენიშვნა მისცა და დისტანციის დაცვა მოითხოვა, რის გამოც მასთან მივიდა „ვითომ დამკვირვებელი” და უთხრა, „შენ ვინ ხარ, რას წარმოადგენო”.

ჩქოტუას თქმით, იმის გამო რომ პროცესს ხელი არ შეშლოდა, გარეთ გასვლა შესთავაზა და დერეფანში ორი პირი დაუპირისპირდა: „ადგილზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. უბრალოდ გაწევ-გამოწვევისას გაგვაშველეს”.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, მე-9 უბანზე დაპირისპირება იყო საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე, რაზეც საოლქო კომისია პასუხს არ აგებს.

მესხის ინფორმაციით, დამკვირვებლები უხეშად ერეოდნენ საუბნო კომისიის მოვალეობებში, რის გამოც ისინი გააძევს და ამის შემდეგ გარე პერიმეტრზე მოხდა დაპირისპირება:

„ისინი ერეოდნენ რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებში. რეგისტრატორთან რომ უნდა წარმოადგინო აიდიბარათი ან პასპორტი და ველში შეიყვანო პირადი ნომერი, ამას აკეთებდა თქვათ, დამკვირვებელი. ითავსებდა რეგისტრატორის ფუნქციას. მითითება ერთხელ, ორჯერ და შემდეგ უკვე კომისიის გადაწყვეტილებით გააძევეს”.

ზუგდიდის მე-9 უბნიდან გაძევებულია ორი დამკვირვებელი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გაძევებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციების, „სამართლიანი არჩევნების” და „მესხეთის სამოქალაქო საზოგადოების” მეთვალყურეები.

შენიშვნა: სათაურში თავდაპირველ ვერსიაში არაზუსტად იყო მითითებული 67-ე უბანი - საუბარია 67-ე ოლქის მე-9 უბანზე.

12:04

რუსთავში საარჩევნო უბანზე სათვალთვალო კამერა დააფიქსირეს

კამერა რუსთავის მე-20 უბანზე
კამერა რუსთავის მე-20 უბანზე

რუსთავის ოლქის მე-20 საარჩევნო უბანზე ვიდეო სათვალთვალო კამერა დააფიქსირეს.

დამკვირვებლის, „თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტის“ ადგილობრივი დამკვირვებლის, ნუკრი რამიშვილის შედგენილი საჩივრის მიხედვით, საარჩევნო უბანზე შეუფუთავი ვიდეო კამერა იყო.

დამკვირვებელი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ კამერა კედელზე ისეთ სიმაღლეზე იყო დამონტაჟებული, რომ მთელი საარჩევნო უბნის და ხმის მიცემის პროცედურის ვიდეო გადაღება შეეძლო. თუმცა დააფიქსირებდა თუ არა უშუალოდ ამომრჩევლის არჩევანს, ეს მისთვის უცნობია.

საჩივრის მიხედვით, საუბნო კომისიის თვმჯდომარე უარს ამბობდა კამერის შეფუთვაზე, თუმცა მოგვიანებით შესაბამისი საჩივრის დაწერის შემდეგ, საქმეში საოლქო კომისია ჩაერია და კამერა შეფუთეს.

კამერა შეფუთეს
კამერა შეფუთეს

დამკვირვებლის ინფორმაციით, შეუფუთავი კამერა მე-20 უბანზე დილის 8 საათიდან 10:30 საათამდე იყო, - 2.5 საათის განმავლობაში.

დაზუსტებით უცნობია, კამერა იყო თუ არა ჩართული და ახდენდა თუ არა პროცესის ვიდეო ჩაწერას.

საჩივარი რუსთავის მე-20 უბანზე
საჩივარი რუსთავის მე-20 უბანზე

12:18

გახარიას პარტია ფოთში „ოცნების“ სასარგებლოდ ფულის დარიგებაზე საუბრობს

ექსპრემიერი გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ფოთში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

„მოსყიდვის (ფულის დარიგების) ამსახველი ვიდეო, რომელიც ჩვენებმა გადაიღეს“, - წერს მეზვრიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში ჩანს, რომ მიკროავტობუსში შეკრებილი პირები, - სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, - მალავენ ლურჯი ფერის ცელოფანს.

„რა სიებით ხართ... სიები და თანხის მიცემა საარჩევნოდ“? - ეკითხება მათ ვიდეოს გადამღები.

„თანხა სად ნახე? ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანო. სია სულ სხვაა და თანხა, ახლა“...

კადრები ფოთში, სამეგრელოს ქუჩის 32 ნომერში, მე-17 უბანთანაა გადაღებული.

12:36

მარნეულის 69-ე უბანზე მასობრივად ჩაყარეს ბიულეტენები - „ჩემი ხმა“

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობის, „ჩემი ხმის“ წარმომადგენლები, - ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია, - იუწყებიან, რომ მარნეულში კანონდარღვევა დააფიქსირეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მარნეულის 69-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრა ჩანს.

ნინო ლომჯარია კი წერს, რომ დამკვირვებელს, - რომელმაც ეს კადრები გადაიღო, - ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ უბანზე ძველი წესით აძლევენ ხმას და არა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ვიდეოში ჩანს, რომ პირი, რომელსაც წითელი ფერის სამკერდე ნიშანი უკეთია (სავარაუდოდ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების სტატუსით იმყოფებოდა უბანზე), რამდენიმე ქაღალდს ერთად აგდებს საარჩევნო ყუთში.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას რეპორტიორების დახმარებით.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG