პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ეხმაურება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და აცხადებს, რომ ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა იდგეს.
"საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს", - წერს იგი სოციალურ ქსელ X-ზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი და ევროკომისია საქართველოში, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ბორელისა და ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ცესკოს და სხვა უწყებებს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები.
"მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად", - წერია განცხადებაში.
საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ევროპელი და ამერიკელი ლიდერები გამოხატავენ წუხილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო და მათ შესწავლას მოითხოვენ. უკვე გამოითქვა ვარაუდები რუსეთის ჩარევასა და არჩევნების გაყალბებაზე.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს “ყურადღებით შეისწავლოს [საქართველოში ჩატარებული] არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებები და თუკი დადასტურდება [ისინი], გააკეთოს მკაფიო განცხადება“.
საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული დოკუმენტის - MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორის განცხადება ჰელსინკის კომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. კონგრესმენი ლაპარაკობს “სისტემური ძალადობის შესახებ“ ბრალდებებზე. ტექსტის თანახმად, განცხადებები ნდობას იმსახურებს, რუსეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობები კი კარგად არის დოკუმენტირებული.
“ჩვენი “მეგობარი აქტი” [MEGOBARI] მიზნად ისახავს მათ დასჯას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისკენ და სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას”, - წერია კონგრესმენ უილსონის განცხადებაში.
საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. ის, წერს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შეტანას გეგმავენ.
მიშელმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის ორგანოებს საარჩევნო დარღვევების შესწავლისკენ მოუწოდა.
„ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ეუთო/ODIHR-ის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა რომ სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.
ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იყოს გამოკვლეული და აღმოფხვრილი. ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, რომ აჩვენოს თავისი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით, ასევე ევროკომისიის ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად“, - დაწერა შარლ მიშელმა.
ფორუმი