Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

22:08 27.10.2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე არჩევნების შედეგების არაღიარებაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

"სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო. (მარტო ლავროვი შემიძლია ვაღიაროო). სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა ვნახოთ. p. s. არ ჩქარობენ", - წერს მდინარაძე ფეისბუქის გვერდზე.

22:06 27.10.2024

„ამ არჩევნების აღიარება არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის“ - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბრიფინგზე

21:45 27.10.2024

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დააფიქსირონ თავისი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივა.

"გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ის ლიდერები ესწრებოდნენ, რომელთა პარტიებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი. მისი პარტიიდან პრეზიდენტის ბრიფინგს ესწრებოდა დიმიტრი ცქიტიშვილი.

არჩევნების შედეგებს ამ დროისთვის არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია.

21:28 27.10.2024

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე მინდა, დღეს აქ ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება, ესაა იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის. რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ საქართველოში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას ჩვენს არ შევეგუებით, არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი", - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ამომრჩეველს, "ვინც ხმა მისცა საქართველოს ევროპულ არჩევანს". მისივე შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო "ტოტალური გაყალბება", "ხმების ტოტალური წართმევა".

სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა და დამატებით, ტექნოლოგიები, "რათა გაეთეთრებინა გაყალბება".

პრეზიდენტმა ხვალ, 19:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა და მოსახლეობას მიმართა, რომ ერთად უნდა დადგნენ და გამოაცხადონ, რომ გ"არ ვაღიარებთ, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG