პირდაპირი: ოპოზიციის ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი პრესკონფერენციას მართავენ
საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ჩაეშვა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს, პროდასავლური ოპოზიცია კი შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ახალი პარლამენტის ბოიკოტით იმუქრება, წერს 27 ოქტომბერს New York Times-ი.
გამოცემა მთავარ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გუშინდელი არჩევნები კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს „ქართულ ოცნებასა“ და ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის. გაზეთის თანახმად, „ქართული ოცნება“ საქართველოს სულ უფრო მეტად აშორებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კურსს, ოპოზიცია კი ცდილობს, რომ ქვეყანამ ეს პროდასავლური კურსი შეინარჩუნოს.
გაზეთი წერს, რომ ოთხი ძირითადი ოპოზიციური ჯგუფიდან, რომლებმაც გადალახეს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, არცერთი არ აღიარებს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და მინიმუმ ორმა განაცხადა, რომ არ შევა პარლამენტში, „რაც გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის პირობებს ქმნის“. გამოცემა იქვე შენიშნავს, რომ ოპოზიციას ჯერჯერობით არ წარმოუდგენია საკუთარი განცხადებების მტკიცებულებები.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე შევლამდე გააკეთა.
„ჩვენ გახსოვთ ვიყავით პირველი ვინც გავაკეთეთ განცხადება გუშინ იმასთან დაკავშირებით რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა, რომ ადგილი ჰქონდა რეალურად რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი და ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება.
ბუნებრივია როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობდა როდესაც საუბარია ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაზე“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედში" მყოფი მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ უნდა შევიდეს და მათ ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდა.
არჩევნების მეორე დღეს ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთმანეთის მიყოლებით მართავენ ბრიფინგებს.
- კოალიცია "ცვლილებისთვის" პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს.
- კოალიციებისთვის "ძლიერი საქართველო" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია.
- მასშტაბურ გაყალბებაზე ამახვილებს ყურადღებას გიორგი გახარიას პარტია და ხმების დაცვისკენ მოუწოდებს ყველას.
ფორუმი