ლაგოდეხში კაბინაში მყოფმა ამომრჩეველმა ფოტო გადაუღო ბიულეტენს
რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მე-17 საარჩევნო უბანზე კაბინაში მყოფმა ამომრჩევლმა ბიულეტენს ფოტო გადაუღო.
მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანახმად, მათ ორი ასეთი ფაქტი დააფიქსირეს;
პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ ამომრჩეველს ტელეფონით გადაღებული ფოტო წააშლევინა, მეორემ კი ფოტოს წაშლაზე უარი თქვა.
მე-17 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სარხან ალახვერდიევმა რადიო თავისუფლებას ფაქტი დაუდასტურა, თუმცა ნაწილობრივ - თქვა, რომ ფოტოს გადაღების მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო და ამომრჩეველს ეს ფოტო წააშლევინა.
ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილმაც
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში ხმა მისცა.
„მინდა, მივმართო საზოგადოებას, გამოვიდნენ არჩევნებზე“, - თქვა მან.
„ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს“, - მიმართა მან საზოგადოებას.
„სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში“, - გაიმეორა მან.
ზუგდიდში ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ანა ნაცვლიშვილი, „ლელო“
„ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდში მათს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„სასწრაფოდ მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას და არ დავტოვებთ არც ერთ დარევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამბის დეტალები დაზუსტდება.
ბათუმში „ტვ პირველის“ რეპორტიორი დროებით მიკროავტობუსში ჩაკეტეს
„ტვ პირველის“ ჟურნალისტი, თამთა დოლენჯაშვილი ბათუმში, მე-5 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს რამდენიმე წამის განმავლობაში მიკროავტობუსში ჰყავდათ ჩაკეტილი.
ტელევიზიის გავრცელებულ კადრეში ჩანს, რომ სამარშრუტო ტაქსიში მყოფ პირებს ფურცლებზე ხელით ნაწერი სიები აქვთ.
როდესაც ჟურნალისტი შედის მიკროავტობუსში, იქ მჯდარი პირი ეუბნება: „ჩადი ავტობუსიდან! რა უფლება გაქვს, რომ შემოდიხარ? ქორწილში მივდივარ“...
მიკროავტობუსში მჯდარი კიდევ ერთი ქალი კამერის წინ სახეს იფარავს და ამბობს, რომ ისიც ქორწილში მიდის.
„რა შენი საქმე, ვინ ხარ და რატომ უნდა გითხრა... წადი აქედან, სანამ ლამაზი ხარ“, - ეუბნება ჟურნალისტს.
ამ დროს მიკროავტობუსთან მიდის კიდევ ერთი პირი, რა დროსაც მიკროავტობუსის კარს კეტავენ - ამ დროს ჟურანლისტი შიგნითაა.
იგი რამდენჯერმე მოუწოდებს იქ მყოფთ, რომ კარი გაუღონ.
„არ გავაღებ, იყავი, ქორწილში უნდა წაგიყვანო“, - ასე პასუხობს მას ერთ-ერთი პირი, რომელიც ვინაობას არ ასახელებს.
კარს მხოლოდ მას შემდეგ უღებენ, - დაახლოებით 35 წამის შემდეგ, რაც ამბობს, რომ გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ და სამართალდამცავებს ახსენებს.
ერთ-ერთი პირი - რომელიც ამბობს, რომ ედუარდ შარაძეა - ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორია:
„დიახ, დიახ! და თქვენ არა გაქვთ უფლება, ახვიდეთ“!..
„ღმერთის წინაშე ვფიცავარ, ჩვეულებრივი, აპრობირებული მეთოდია დედამიწის ზურგზე, საკუთარი პარტიის ამომრჩეველს შეუძლია ნებისმიერ აგიტატორს ჰქონდეს თავისი სია. აქ არაფერი სასწაული არ ხდება“, - თქვა მან.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები წლების განმავლობაში მიუთითებენ, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლი - აღრიცხვა იმისა, თუ ვინ მიდის ან არ მიდის არჩევნებზე - დარღვევაა.
ფორუმი